11 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
ბანკი ქართუ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, თბილისში, საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლებს

ბანკი "ქართუ", ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, თბილისში, საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლებს. სასტუმრო პარაგრაფში სამზადისი თითქმის დასრულებულია. ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე ქვეყნიდან, 250-ზე მეტი დელეგატი და 100-მდე საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელი მიიღებს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაცია, რეგიონში 30 ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს. მიზანი საფინანსო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ბანკი "ქართუ" ასოციაციას 2024 წელს შეუერთდა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში. "ქართუსა" და ასოციაციის ორგანიზებულ კონფერენციაში მაღალი რანგის სპიკერები მონაწილეობენ. მათ შორისაა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, კონფერენციის სტუმრებს ქვეყნის ფისკალური პრიორიტეტები და ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივები გააცნოს.

კონფერენციაზე საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ისაუბრებს. ფორუმის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიების თბილისში გამართვა, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, საქართველოსა და რეგიონის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის როლს რეგიონულ ფინანსურ სექტორში.

კონფერენციის ოფიციალური ნაწილი ხვალ გაიხსნება. ფორუმი ინდივიდუალური პრეზენტაციების გარდა, პანელურ დისკუსიების ფორმატსაც ითვალისწინებს.

დღის ამბები