10 აგვისტო 2026,   05:35
ვრცლად
მდუმარე გლოვა ყვავილებით ხელში - კადრებით მოყოლილი ისტორია, თუ როგორ დაემშვიდობა ერი სულიერ წინამძღოლს, ვინც წლების განმავლობაში მას ერთობას ასწავლიდა

კადრი, რომელიც ბევრს გენიალური ქართული ფილმის, "ფესვების" დასასრულს გაახსენებს. იმ მდუმარე ერთობას, რომელიც მაყურებლის მეხსიერებაში ათწლეულების შემდეგაც, სიყვარულის და მწუხარების სიმბოლოდ იქცა.

მაგრამ ეს არ არის კინო. არც დადგმული სცენა. არც დამონტაჟებული კადრი. ეს გლოვის რეალური სურათია.

ასე, ერთ სულად შეკრული ერი იდგა სიჩუმეში, ცრემლით, სიყვარულით, რწმენით, მწუხარებით, ყვავილებით ხელში და ემშვიდობებოდა მას, ვინც წლების განმავლობაში ამ ერთობას ასწავლიდა.

სიკვდილისა და მარადიული სიცოცხლის გზაგასაყარზე, მდუმარებაში და ღირსეულად, ზუსტად ისე, როგორც პატრიარქი ისურვებდა - სამებიდან სიონამდე, ხუთჯვრიანი დროშით, ერის სულიერ წინამძღოლს ქვეყნის მცველები ეგებებოდნენ.

ერი და ბერი, ყველა ვისაც შეეძლო, მათ, ვისაც არ შეეძლო და როგორც შეეძლო, მადლიერი შვილები სულიერ მამას უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ.

უხმო ქვითინი - მათი, ვინც საკუთარ გრძნობებს იშვიათად ამხელს. გოგა ჩანადირის ფოტოობიექტივმა სიონის ტაძრის ყველაზე სევდიანი, პატრიარქთან გამომშვიდობების ბოლო წამები აღბეჭდა.

მიუხედავად მწუხარებისა, ქართველი ერის ისტორიაში ეს იყო ამაღლებული დღე.

ასე დასრულდა მზიანი ღამე - პატრიარქის ამქვეყნიური ცხოვრების გზა და ეპოქა, რომელსაც ასწლეულების შემდეგ კადრები მოჰყვებიან.

ავტორი:  ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები