08 აგვისტო 2026,   21:46
ვრცლად
ერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება, უკანასკნელ პატივს მიაგებენ ილია II-ს, რომელმაც ადამიანებს ღმერთის რწმენა დაუბრუნა

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ადამიანების გულებში მივიწყებული ღმერთი დააბრუნა.

პატრიარქის სიყვარულმა დღეს მთელი ერი ჭირისუფლად აქცია და ისევ სამების ტაძრის კართან მიიყვანა - მოხუცები, რომლებსაც ღმერთის რწმენა დაუბრუნა, უცნობები, რომლებსაც სწორ გზას უჩვენებდა და ბავშვები, რომლებსაც ღმერთი თავად შეაყვარა.

როცა სიტყვები უძლურია, სათქმელს ემოციები გამოხატავენ - მართლმადიდებლური სამყარო ცრემლებით ემშვიდობება ილია მეორის მზიან ღამეს, რომელსაც იგი პატრიარქობის წლებს უწოდებდა. დაობლებული საერო თუ სასულიერო პირები სულიერ მამასთან შექმნილ ისტორიებს იხსენებდნენ.

ისტორიული ეპოქის შემქმნელმა გააერთიანა ყველა პროფესიის ადამიანი - პატრიარქთან დასამშვიდობებლად დღეს ყველა სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.

პატრიარქს პატივი მიაგეს და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დღესაც დაესწრნენ მთავრობის წევრები. სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, მთავრობის კაბინეტის წევრები, დეპუტატები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს უკანასკნელ გზაზე კვირას გააცილებენ.

დღის ამბები