რა ვითარებაა სოფელ კურსებში და მოსალოდნელია თუ არა მიწის განმეორებითი ჩამოსვლა - სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები. პირველადი დასკვნა უახლოეს დღეებში მზად უნდა იყოს.
მეწყერმა სოფელში სრულად გაანადგურა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. დაშავებული არავინაა. შექმნილია საგანგებო შტაბი.
ადგილობრივი მაცხოვრებლის, ნინო გოგოლაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
"ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შეგხვდნენ, მოგვცეს ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საჭიროებებისა და თხოვნების შესახებ. პირველ რიგში, გვაინტერესებდა ჩვენი სახლების მდგომარეობა. იქ საფლავებიც დაზიანებულია და მისი მდგომარეობაც გვაინტერესებდა. მოსახლეობას შინ დარჩა აუცილებელი ნივთები და ამ საკითხსაც აგვარებენ და დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაჭრილი იქნება", - განაცხადა ადგილობრივმა ნინო გოგოლაშვილმა.
ადგილობრივი მაცხოვრებლის, ხათუნა გოგოლაშვილის თქმით, მაშველები გამოსვლაში დაეხმარნენ, მაგრამ მათი სახლები ძალიან დაზიანებულია.
"ძალიან დაგვეხმარნენ გამოყვანაზე, მაგრამ იქ ვერ მივდივართ. გუშინ ახლობლები მივიდნენ და სახლი უკვე ინგრევა, შიგნიდან ყველაფერი დახსნილია. რომ გამოვედით, არაფერი არ იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გაფუჭებულია", - განაცხადა ადგილობრივმა ხათუნა გოგოლაშვილმა.