07 აგვისტო 2026,   06:09
ვრცლად
ფასწარმოქმნის ჯაჭვი და "ქეშბექის" სისტემა - პარლამენტის სპეციალურ საგამოძიებო კომისიაზე საცალო ქსელების წარმომადგენლებს მოუსმინეს

საცალო ქსელები ფასწარმოქმნის პროცესში მნიშვნელოვან რგოლს რომ წარმოადგენს, ამის შესახებ საპარლამენტო კომისიის აქამდე ჩატარებულ ყველა სხდომაზე იყო საუბარი. დისტრიბუტორებმა, იმპორტიორებმა თუ ადგილობრივმა მეწარმეებმა - ბაზარზე ყველა რგოლის წარმომადგენლებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში თამაშის წესებს მსხვილი მარკეტები ადგენდნენ. თუმცა დღეს მცირე და საშუალო საცალო ქსელების ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ ბაზარზე ფასების ფორმირებას არა მარკეტები, არამედ მომწოდებლებს შორის არსებული კონკურენცია განსაზღვრავს.

საცალო ქსელების ოპერატორებმა ახსენეს ე.წ. "ქეშბექი" და განმარტეს, რომ რეალიზებულ საქონელზე თანხის უკან დაბრუნების სისტემა დისტრიბუტორების მიერ შეთავაზებული სქემაა, რომლის მიზანი ბაზარზე პოზიციების გამყარება და კონკურენტი კომპანიების ჩამოშორებაა, "ქეშბექი" კი ის მარკეტინგული შემოსავალია, რომელსაც სუპერმარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების დასაბალანსებლად იყენებენ.

სხვადასხვა სახის პროდუქტზე ფასების ფორმირების პროცესის შესწავლისას, დღევანდელ სხდომაზე ისიც გაირკვა, რომ მომხმარებელთა ინტერესები და მოთხოვნები უბნების მიხედვით განსხვავებულია.

რა ცვლილებებს შეიტანს ფასწარმოქმნის ჯაჭვში "ქეშბექის" გაუქმება? კომისიის წევრები დაინტერესდნენ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება დისტრიბუტორებსა და მარკეტებს შორის დანერგილი გადახდის სისტემის შეცვლა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მიზეზი პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიერ დასმული კითხვა გახდა. გახარიას გუნდის წევრმა ბიზნესმენებს რიტორიკულად ჰკითხა, შესაძლებელი იქნება თუ არა კონკრეტულ პროდუქტებზე გრძელვადიანად ფასის შემცირება. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დარეჯან კოვზირიძემ კომისიის საქმიანობა გააკრიტიკა.

სასურსათო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის ჯაჭვის შემსწავლელი კომისიის წევრები მომდევნო სხდომაზე მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

დღის ამბები