09 აგვისტო 2026,   17:55
ვრცლად
მადისკრედიტირებელი კამპანია სუს-ის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი გივი თარგამაძეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში, ხოლო ოპოზიციას, ცრუ კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მორიგი მადისკრედიტირებელი კამპანიის წამოწყება უშედეგოდ სცადა. საუბარია, გივი თარგამაძის სუს-ში დაბარების საქმეზე, რომელიც ოპონენტებმა ისე შეფუთეს, თითქოს უწყება თარგამაძეს ვერ პოულობდა და დახმარებას მედიას სთხოვდა. რეალურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების თქმით, სუს-ის კვალიფიციური საქმიანობა ოპონენტების მხრიდან მისი დაზიანების სურვილს ამძაფრებს, თუმცა უშედეგოდ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სუს-ს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ინსტრუმენტი და შესაძლებლობა გააჩნია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გივი თარგამაძე მოწმის სახით მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო დაიბარა. პოლიტიკოსმა ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ საქართველოში რელიგიური რადიკალიზმის წამახალისებელი დაწესებულებები ფუნქციონირებს, რომელიც ირანს უკავშირდება. თავად თარგამაძე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. ის რომ სუს-ი მისით დაინტერესდა, მან თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში, თარგამაძის კოლეგა ოპოზიციონერები კი კვლავ ფიქრობენ, რომ მისი გამოკითხვის სურვილი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, არარელევანტურია.

გივი თარგამაძეს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში, ოპოზიციას კი უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ცრუ კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიიდან ოპონენტებს სუს-ის ეფექტური საქმიანობის შედეგები დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებაში მაღალი ნდობის ინდექსით სარგებლობს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის პარალელურად, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა ირანთან დაკავშირებით საეჭვო მოვლენებზე განცხადებების გაკეთება აქტიურად დაიწყეს, უსაფრთხოებს სამსახურმა კი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ყველა მათგანი გამოჰკითხა.

დღის ამბები