ჰორმუზის სრუტე - ეს ვიწრო გასასვლელი ირანსა და ომანს შორის მდებარეობს და სპარსეთის ყურეს დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებს. მისი მნიშვნელობა კოლოსალურია. ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი სწორედ ამ სრუტის გავლით ტოვებს არაბული ქვეყნების პორტებს და მიემართება აზიისა და ევროპისკენ. მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი სწორედ ამ სრუტეზე გადის.
ქვეყნების სია, რომლებიც ყველაზე მეტად დამოკიდებული არიან ამ საზღვაო ტერიტორიაზევე, საკმაოდ გრძელია: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. ასევე დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი. ჰორმუზის სრუტეს ხშირად მსოფლიო ენერგეტიკის მთავარ არტერიასაც უწოდებენ.
ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ნავთობის ტანკერების გამტარი არ არის. აქედან მიედინება მსოფლიო თხევადი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი ნაწილიც. გლობალური თხევადი გაზის დაახლოებით მეხუთედის მიწოდება სწორედ ამ გზით ხდება. ამიტომაც ენერგეტიკული სისტემა ამ კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარეა. ირანზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის ტანკერების მოძრაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზოგიერთი გემი საერთოდ აღარ შედის სრუტეში უსაფრთხოების რისკების გამო, ნაწილი კი ღია ზღვაში ელოდება ვითარების გარკვევას. ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება ნედლი ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა, ინფლაციის ახალი ტალღა და გლობალური ეკონომიკური რყევები გამოიწვიოს. ბუნებრივი გაზის ფასი, გასულ 2 დღეში, თითქმის გაორმაგდა. 28 თებერვლის შემდეგ, ბარელი ნავთობის ღირებულება 15%-ით გაიზარდა და 80 დოლარს მიაღწია. ასეთი სწრაფი რეაქცია ენერგეტიკულ ბაზრებზე სწორედ მიწოდების შეფერხების შიშით არის გამოწვეული.
ამ ფონზე, ვაშინგტონში ამბობენ, რომ სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე ტანკერების გადაადგილების უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია.
საზღვაო გადაზიდვების ანალიტიკური კომპანიის Clarksons-ის მონაცემებით, სპარსეთის ყურეში ამ დროისთვის, დაახლოებით, 3200 გემი და მათზე განთავსებული 135 ათასი კონტეინერია, რომელთა საერთო ღირებულება, თითქმის, ოთხ მილიარდ დოლარს აღწევს. ამიტომ ბევრი გადამზიდი კომპანია უკვე ალტერნატიულ გზებს იყენებს და ტვირთი აფრიკის სამხრეთით, კეთილი იმედის კონცხის გავლით გადააქვს. ეს მარშრუტი მიწოდების დროს 10-დან 14 დღემდე ზრდის და თითოეულ გემზე საწვავის ხარჯსაც ერთი მილიონი დოლარით აძვირებს.
ამ კონფლიქტის ეკონომიკური გავლენა მხოლოდ ნავთობის ფასზე არ ვრცელდება. გაძვირებული საწვავი, გადაზიდვების უფრო გრძელი მიმართულება და საომარი რისკის დაზღვევა ტრანსპორტირების ფასსაც ზრდის. ბევრი გადამზიდავი კომპანია უკვე ამატებს საომარი რისკისა და საგანგებო ვითარების დამატებით გადასახადებს, რაც საბოლოო ღირებულებაზეც აისახება. სპარსეთის ყურე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო გზაა. სასუქების გლობალური ექსპორტის 30 პროცენტი სწორედ ამ მარშრუტზე მოდის, მათი მიწოდების შეფერხება საკვების წარმოებასა და ფასებზეც იმოქმედებს. მსოფლიო ბაზრებზე ჰორმუზის სრუტით გადის ქიმიური პროდუქციაც, ტექნოლოგიური კომპონენტები აზიიდან, ფარმაცევტული პროდუქცია ინდოეთიდან.
მსგავსი ეკონომიკური რყევები მსოფლიომ 2008 წელს უკვე გამოცადა, როდესაც ნავთობის ფასი 160 დოლარიც გახდა. ნავთობზე ფასის ზრდა აძვირებს ტრანსპორტირებას და წარმოებასაც. საბოლოოდ კი ძვირდება ყველა პროდუქტი. სწორედ ამ ეკონომიკურ ეფექტზე საუბრობენ ევროპაშიც, სადაც შიშობენ, რომ კონფლიქტის გაჭიანურებამ შესაძლოა ენერგეტიკული და ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამასთან, ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორები ხშირად უფრო უსაფრთხო აქტივებს ეძებენ და კაპიტალი ამერიკულ დოლარში გადააქვთ. ასეთ დროს დოლარი მყარდება, ხოლო ევრო სუსტდება და მისი კურსი შეიძლება 1 დოლარსა და 10 ცენტამდე დაეცეს.
ირანი უმსხვილესი მსხვილი ნავთობის მწარმოებელია და, მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, ირანული ნავთობი მაინც აღწევს წამყვან ბაზრებამდე მთავარი ბენეფიციარი ჩინეთია, რომელიც ირანული ნავთობის 90%-ს ყიდულობს.
რა ბედი ელის გლობალურ ეკონომიკას და მის მთავარ ენერგეტიკულ არტერიას? თუ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები კიდევ უფრო შემცირდა ან სრულად შეწყდა, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შოკის წინაშე აღმოჩნდეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
ავტორი: სანდრო სანაია