08 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
"მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ ამ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე, რომელიც პირდაპირ სამიზნეს ხდის ჩვენს ქვეყანას" - გიორგი სოსიაშვილი თინა ხიდაშელზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა.

გიორგი სოსიაშვილის თქმით, თითოეულ განცხადებას შეიძლება მოჰყვეს ქართველი ხალხის დამაზიანებელი შედეგები და დამაზიანებელი ნაბიჯები სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან. 

"ჩვენ მოვისმინეთ თინა ტაივანელის ბოდვა, რომელსაც გასავალი ნამდვილად აღარ აქვს, ის 2000-იან წლებშია ჩარჩენილი როგორც ჩანს და ჰგონია, რომ თავისი ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით და სიყალბით შეცდომაში შეიყვანს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მართლაც დააჯერებს ამ მოგონილ, შეთითხნილ ტყუილს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. მორალური პასუხისმგებლობა არ არის მისი ეს განცხადება. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ ამ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე, რომელიც პირდაპირ სამიზნეს ხდის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ ასევე კვლევით შეფუთული, ფსევდო კვლევას ამოფარებული ბატონი კანდელაკის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს, თითქოს ჩვენ ვეხმარებით სხვა ქვეყნებს რაღაც სანქციების გვერდის ავლაში, თითქოს ჩვენ რაღაც ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი ვართ. ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული, თითოეულ ამ განცხადებას შეიძლება მოჰყვეს ქართველი ხალხის დამაზიანებელი შედეგები და დამაზიანებელი ნაბიჯები სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. "კურიერის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

 

დღის ამბები