18 ივნისი 2026,   21:07
ვრცლად
ზელენსკი ორბანს ემუქრება - უკრაინის პრეზიდენტი უნგრეთისგან 90-მილიარდიანი სესხის დამტკიცებაზე თანხმობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყნის პირველი პირის მისამართის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემით იმუქრება

ორი სხვადასხვა ქვეყნის ორ ლიდერს შორის ბევრი პოლიტიკური განსხვავებაა. ერთი უკვე 4 წელია ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია, მეორე კი ნატო-ს ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საომარ მოქმედებებს დიპლომატიას ამჯობინებს. პასუხად, ამჯერად, მუქარა მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორბანს ჯერ არჩევნებში დამარცხება უსურვა, შემდეგ კი პირდაპირ დაემუქრა. ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთისგან 90-მილიარდიანი სესხის დამტკიცებაზე თანხმობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი ამ ქვეყნის პირველი პირის მისამართის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემით იმუქრება.

განცხადებაში ზელენსკის ორბანი არ უხსენებია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მისი სიტყვების ადრესატი სწორედ უნგრეთის პრემიერი იყო. მუქარამდე რამდენიმე საათით ადრე, ვიქტორ ორბანმა ღიად თქვა, რომ არანაირი შეთანხმება და ხელმოწერა არ იქნება, ვიდრე უკრაინა დრუჟბას მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს. შანტაჟისა და მუქარის ენა რომ ოფიციალურ ბუდაპეშტთან არ ჭრის, ეს ორბანის საპასუხო განცხადებამ ცხადყო.

უნგრეთის პრემიერამდე, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიიარტომ ზელენსკის პირდაპირ უთხრა, რომ მას არც უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა და არც ქვეყნის ომში ჩართვა არ გამოუვა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს რიტორიკა სლოვაკეთის პრემიერმაც დაუწუნა და უთხრა, რომ, თუ ასე გააგრძელებს, 90-მილიარდიანი სესხის გაცემას, უნგრეთთან ერთად, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც დაბლოკავენ.

უხეში, არადიპლომატიური და არადემოკრატიული დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომლისგანაც დახმარებას მოელი - ასე შეაფასეს ზელენსკის განცხადება თბილისში.

უკრაინის პრეზიდენტის დაცვა დღეს ვერც ოპოზიციამ შეძლო. ნაწილმა ზელენსკის განცხადების ფორმა და შინაარსი დაუწუნა, ნაწილმა კი შეკითხვას თავი ვიქტორ ორბანის კრიტიკით აარიდა.

ზელენსკის მუქარა დამარცხებული სახელმწიფოს განწირული ლიდერის სიტყვებია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ცრუ დაპირებების შემდეგ, რომ უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანდებოდა, დღეს ზელენსკი საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ორბანს ემუქრება, ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის 7 თანამშრომელი ფულის სავარაუდო გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი გენერალიცაა. უწყების ცნობით, უნგრეთის გავლით, უკრაინაში წლის განმავლობაში 900 მილიონი აშშ დოლარი, 420 მილიონი ევრო და 146 კილოგრამი ოქრო გადაიტანეს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები