ევროკომისიის მიერ, დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, დღეს, როდესაც საქართველო თავის სუვერენიტეტსა და დემოკრატიას იცავს, ეს მათთვის მიუღებელია და ცდილობენ, დიპლომატიური პასპორტის შეზღუდვით, ერთგვარი ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.
"უკვე ერთი წელია, ვიცით, რომ ევროკავშირს შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის. 6 თვეში ერთხელ, ამ საკითხს მუდმივად ააქტიურებენ ხოლმე ახლიდან. ერთ რამ ნათელია, რომ მათ დიპლომატიური პასპორტის უვიზო რეჟიმი შემოიღეს სწორედ მაშინ, როდესაც აპოგეას აღწევდა "ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკე, მაგრამ ეს მათთვის მაშინ მისაღები იყო. და დღეს, როდესაც საქართველო თავის სუვერენიტეტს და დემოკრატიას იცავს, ეს მათთვის მიუღებელია და ცდილობენ, რომ დიპლომატიური პასპორტის შეზღუდვით რაღაცნაირად, ერთგვარი ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ევროკომისიამ დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კომისია განმარტავს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა.
პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების მესაზღვრეებისთვის, რათა მათ გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმაროს. "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შანტაჟსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ.