"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გია ბარამიძე მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი ან სახელმწიფო, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ადამიანები ხოცავდნენ.
მისი თქმით, ომის პირველივე დღეების ეს "მწარე სიმართლე" საქართველოსთვის უარყოფითი შედეგების მომტანი არ არის და მოგვიანებით, დისციპლინის დამყარების შემდეგ, ქართულ მხარესაც ჰყავდა ტყვეები.
"პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, რომ ბუნებრივია, გამწარებული ადამიანები, არა ქართული ჯარი, არა ქართული სახელმწიფო, არამედ ადამიანები, რომელთაც დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს, ძმა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, ბრძოლაში არ იყვანდნენ ტყვეს და კლავდნენ. გინდა მოკვლა ახსენე, გინდა დახვრეტა ახსენე - არ იყვანდნენ ტყვეს. რუსულ მხარეს ჰქონდა ის დისციპლინა, რომ იმთავითვე დაიწყეს - არა მათი ჰუმანურობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მოეპოვებინათ სამხედრო ხასიათის ინფორმაცია, სადაზვერვო ინფორმაცია ჩვენი ტყვეებისგან - დაიწყეს ტყვეთა აყვანა.
ამბობენ, რომ აი, თითქოს ახლა ეს განცხადება საქართველოსთვის რაღაც უარყოფითი შედეგების მომტანია. არაფერი უარყოფითი შედეგების მომტანი არ არის, ეს არის მწარე სიმართლე ომის დაწყების პირველ პერიოდთან დაკავშირებით. ვსაუბრობდი ომის იმ პირველ პერიოდზე, პირველ კვირებზე, პირველ დღეებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, გვყავდა ტყვეები, იმიტომ, რომ მეტი დისციპლინა იყო," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნის ეს განმარტება მოჰყვა მის მიერ ერთ-ერთ პოდკასტში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ბარამიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. აღნიშნულმა საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი გამოიწვია. მმართველი გუნდისა და ვეტერანების შეფასებით, ბარამიძის სიტყვები ქართული ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მომხდარზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება დაიწყო.