08 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
სენატი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, უშიშროების საბჭო - ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

სენატი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, უშიშროების საბჭო - ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. სენატორ სტივ დეინსის შემდეგ იყო შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა - დაიწყოს მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე. ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანთან საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის არაერთ საკითხს. მათ შორის ინვესტიციებს, შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სტრატეგიულ როლს, უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

მიზეზებზე საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტთან ერთად, უშუალოდ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანსაც ესაუბრა. საპასუხოდ კი მიიღო აღიარება, რომ ტრამპის წინამორბედი ტოქსიკურ ატმოსფეროს ქმნიდა და ნეგატიურ პოლიტიკას ატარებდა. ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფონზე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მოლოდინი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ინტერესების შესაბამისად განახლებას უკავშირდება.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანებაში მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ მათი ოპონენტები. ოპოზიციას არ სურს იმის აღიარება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ქართული დელეგაციის მიღება პარტნიორობის აღდგენისთვის პოზიტიური სიგნალია.

სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით - მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს გაცხადებულ მიზანს - აღდგეს თანამშრომლობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააზიანა. "ქართული ოცნება" ტრამპის ადმინისტრაციასთან ღირებულებით თანხვედრაზე საუბრობს და ურთიერთობის გადატვირთვისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

საპარლამენტო დელეგაციას ჰქონდა შეხვედრა ანალიტიკური ცენტრის, ქუინსი ინსტიტუტის დირექტორთანაც. ისაუბრეს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით. განიხილეს მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-უკრაინის ომი და შტატების მიდგომა. საქართველოში მიმდინარე პროცესების კონტექსტში კი ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე - გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე. 

დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაშიც, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტსა და რეგიონულ თანამშრომლობზე იმჯსელებენ.

 

დღის ამბები