შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა - ინფორმაცია პენტაგონმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ეკიპაჟის 180 წევრიდან 148 ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელთან ერთად ირანში ერთობლივ სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. საპასუხო იერიშებს ახორციელებს ისლამური რესპუბლიკა.
ირანის სახელმწიფო უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 1045-მდე გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
ამასთან, როგორც მერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოს ორ უძლიერეს სამხედრო-საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული, უპირობო კონტროლი ექნება დამყარებული.
"ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" შესახებ არსებობს ერთი ცალსახა გზავნილი: ამერიკა იგებს გადამწყვეტად, გამანადგურებლად და დაუნდობლად. დამატებითი ძალები კვლავაც გზაში არიან. ჯერ ძალიან ადრეა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ჩვენ გამოვიყენებთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება სრული წარმატების მისაღწევად.
შედეგები უკვე დაუჯერებელია, მართლაც ისტორიული. მსგავსი მასშტაბის ოპერაციის ხელმძღვანელობა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. როდესაც ამას ისრაელის თავდაცვის ძალები ემატება, ეს რადიკალი ისლამისტი ირანელების აბსოლუტურ განადგურებას ნიშნავს. მათი აღსასრული ახლოსაა და ეს იციან. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოს ორ უძლიერეს სამხედრო-საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული, უპირობო კონტროლი ექნება დამყარებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიფრენთ განუწყვეტლივ რათა აღმოვაჩინოთ და მიწასთან გავასწოროთ ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მათი სარაკეტო სისტემები, გავანადგუროთ მათი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. ჩვენ მათ მაშინ ვურტყამთ, როცა ისინი წაქცეულები არიან და სწორედ ასეც უნდა იყოს. გუშინ ღამით ჩვენ მათი საამაყო ხომალდი ჩავძირეთ. მათი ფლოტი აღარაფერს წარმოადგენს. გუშინვე, ინდოეთის ოკეანეში, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, ეგონათ, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყვნენ," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა.