გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის რღვევის ფონზე, საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა აღარ არის სახელმწიფოს გადარჩენის საკმარისი პირობა. ტრადიციული ხედვა, რომელიც საქართველოს მხოლოდ „სატრანზიტო დერეფნად“ ან გლობალური მოთამაშეების გზაჯვარედინად განიხილავდა, მოძველდა. აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მაღალი ინტენსივობის კონფლიქტების პირობებში, თბილისის უმთავრეს სტრატეგიულ აქტივად არა მხოლოდ მისი მდებარეობა, არამედ მშვიდობის
შენარჩუნების უნარი იქცა.
მშვიდობა, როგორც ასიმეტრიული ინსტრუმენტი და რეგიონული უსაფრთხოების გარანტი
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში სახელმწიფოს სიძლიერე ხშირად იზომება არა მხოლოდ იმით, რისი გაკეთება შეუძლია მას, არამედ იმითაც, თუ რისი თავიდან არიდება მოახერხა ქვეყანამ. 2022 წლიდან მოყოლებული, შავი ზღვის რეგიონში ესკალაციის მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვის პრევენცია.
ხანგრძლივ პერსპექტივაში, თბილისის მიერ არჩეული „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა არ არის მხოლოდ ლოკალური წარმატება. საქართველოს ომში არჩართვით, ფაქტობრივად, გადარჩა შავი ზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგი, რითაც რეგიონმა გვერდი აუარა ტოტალურ დესტაბილიზაციას.
და რადგან, დღეს მშვიდობა აღარ აღიქმება პასიურ მდგომარეობად ან უბრალოდ „ომის არარსებობად“. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ის ტრანსფორმირდა აქტიურ სტრატეგიულ იარაღად, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას გლობალური ქარიშხლის ეპიცენტრში.
დიპლომატიური გასაღები
იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოები პირდაპირ თუ ირიბად ერთვებიან ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებულ კონფლიქტში, საქართველომ დამოუკიდებელი და სტაბილური მოთამაშის როლი აირჩია. ამას მოწმობს თბილისის მიერ არაბეთის ყურის ქვეყნებთან დაფიქსირებული სტრატეგიული პარტნიორობაც, რაც გლობალური ქაოსის პირობებში სტაბილურობის ერთგვარი გარანტიცაა.
კონფლიქტის ეპიცენტრში მყოფი სახელმწიფოებისთვის გამოხატული საჯარო სოლიდარობა, სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობის გააზრებული აქტი იყო, რათა ქვეყანას თავი აერიდებინა გავლენის სფეროებად დაყოფილ რომელიმე ბლოკში იძულებით მოხვედრისგან.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად კი თბილისი გარდაიქმნა უსაფრთხოების ერთგვარ ჰაბად რაც ბიზნესის ლოჯისტიკის უწყვეტობას უზრუნველყოფს, რის გარანტიასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ვეღარ იძლევიან.
ეკონომიკური სუვერენიტეტი - პოლიტიკური დამოუკიდებლობის ფუნდამენტი
მკაცრი რეალპოლიტიკის კანონზომიერებით, სტრატეგიული ავტონომია სიცარიელეა მყარი ეკონომიკური ბაზისის გარეშე. გაეროს 2026 წლის პროგნოზი, საქართველოს კავკასიაში (და ევროპაშიც კი) ეკონომიკური ზრდის ტემპით უპირობო ლიდერად ასახელებს. რაც არ არის მხოლოდ მაკროეკონომიკური სტატისტიკა.
მაღალი ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად დააფინანსოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და შეამციროს დამოკიდებულება საგარეო ფინანსურ დონორებზე.
ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდა საგარეო პოლიტიკური მოქნილობის პირდაპირპროპორციულია. ეკონომიკურად მდგრად სახელმწიფოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, აქვს ფუფუნება, უარი თქვას სხვა აქტორების მიერ თავსმოხვეულ, მისი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო სცენარებზე.
დოქტრინა: ეროვნული პრაგმატიზმი და სტრატეგიული ღუზა
2026 წლისთვის საქართველოს პოლიტიკური ვექტორი საბოლოოდ ჩამოყალიბდა პრინციპის - "სახელმწიფო ინტერესი უპირველეს ყოვლისა“ — გარშემო. თბილისმა უარი თქვა „პროქსი“ (მარიონეტული) აქტორის როლზე დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ ჭადრაკში.
საქართველო მოვლების შესაბამისად და შესაძლებლობის ფარგლებში, დღეს თავად ახდენს საკუთარი რისკების მენეჯმენტს და მონეტიზაციას უკეთებს სტაბილურობას. რითაც, „ორ ცეცხლს შუა“ მყოფი სახელმწიფომ ახერხებს არა უბრალოდ გადარჩენას, არამედ ე.წ. "ცეცხლგამძლე სტრატეგიული სივრცის" ფორმირებას.
შესაბამისად, მსოფლიო წესრიგის რესტრუქტურიზაციის პროცესში, საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური წონა განისაზღვრება არა მისი ფიზიკური მასშტაბით, არამედ რაციონალური გათვლებითა და წონასწორობის შენარჩუნების უნარით. გლობალური ტურბულენტობის ეპოქაში, საქართველო რეგიონისთვის იქცა იმ საიმედო „სტრატეგიულ ღუზად“, რომელიც ამტკიცებს: პატარა სახელმწიფოების გადარჩენის ერთადერთი გარანტი საკუთარი ეროვნული ინტერესების უკომპრომისო, პრაგმატული და ცივი გონებით მართვაა.