თეირანიდან გავრცელებულ კადრებში თავდაცვის სარდლობის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში და შენობის განადგურება ჩანს. ეს არ იყო ერთადერთი სამიზნე, რომელსაც აშშ-მ და ისრაელმა დღეს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღის მეორე ნახევარში ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის კიდევ ერთი ახალი ტალღა დაიწყეს. დილით კი, "ცაჰალმა" თეირანში ირანის ხელმძღვანელობის კომპლექსს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100-მა ავიამოიერიშემ კომპლექსის თავზე 250-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდო. "ცაჰალის" სამიზნეებს შორის იყო ირანის პრეზიდენტის ბიურო, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს შტაბ-ბინა და სახელმწიფო ტელევიზია, რომელზე დარტყმაც ირანის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა დაადასტურა. აშშ-მ კი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა.
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ირწმუნება, რომ მსხვერპლი ძალიან დიდია და დღეს აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 787-მდე გაიზარდა. ადგილობრივმა მედიამ ასევე გაავრცელა, გოგონათა სკოლაზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვისთვის მზადების პროცესის კადრები.
ამ ფონზე ირანი არ წყვეტს მუქარას. ყველაფერში კი ისევ აშშ-ს ადანაშაულებს.
საპირისპირო ცნობები ვრცელდება ვაშინგტონიდან. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ახლა უკვე ძალიან გვიანია. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი თავდასხმების უფრო დიდ ტალღას აანონსებს და არც სახმელეთო ოპერაციას გამორიცხავს.
დონალდ ტრამპის მსგავსად, ისრაელის პრემიერ-მინისტრიც ამბობს, რომ ოპერაცია ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად დაიწყო.
ირანი კი "ცაჰალს" მეოთხე დღეა სარაკეტო იერიშებით პასუხობს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის თავდასხმების გამო 289 ადამიანია დაშავებული. მთელი დღის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივსა და იერუსალიმშიც.
ისრაელი მხოლოდ ირანის შეტევებს არ იგერიებს. "ცაჰალს "უპირისპირდება ჰეზბოლაც, რომლის ობიექტებსაც ისრაელის საჰაერო ძალები ლიბანში ბომბავენ. აფეთქებების ხმა ისმოდა ბეირუთსა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 52 ადამიანია დაღუპული.
ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო. "ცაჰალი" ამბობს, რომ ორივე ფრონტზე - ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციებს საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტს.
უკვე მეოთხე დღეა, მსოფლიოს ცხელი წერტილი მთელი ახლო აღმოსავლეთია. ისრაელი და შტატები ოპერაციის შეწყვეტას, ირანი კი დანებებას არ აპირებს.