უკრაინის მცდელობა, ევროკავშირში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მძიმე წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ, Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს არ სურთ "პანდორას ყუთის" გახსნა და იმ პრობლემებთან შეჭიდება, რომლებსაც მათი შიშით, სწრაფი გაწევრიანება გამოიწვევს.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2027 წელი სურს. მას იმედი აქვს, რომ ეს მის ქვეყანას ევროპის მთავარ პოლიტიკურ კლუბში დაამკვიდრებს და გზას გაუხსნის მეტი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ.
დიპლომატების თქმით, ევროკავშირის მთავრობებმა, მათ შორის ისეთმა გავლენიანმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, პრივატულ საუბრებში სკეპტიციზმი გამოხატეს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის მიმართ.
Reuters-ი რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს ესაუბრა, რომელთაგან ბევრმა აღნიშნა ევროკავშირის დედაქალაქებში არსებული შეშფოთება ამ იდეასთან დაკავშირებით. მათ შორისაა ისიც, რომ უკრაინა და სხვები აღარ გააგრძელებენ რეფორმებს, მაგალითად როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკვე იქნებიან ევროკავშირის წევრები.