ჩვენ ვიმოქმედეთ აუცილებლობით, რადგან ირანულმა რეჟიმმა სხვა გონივრული ალტერნატივა არ დაგვიტოვა. ეს ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მანამ, სანამ საფრთხე იარსებებს," - ამის შესახებ გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, დენი დანონიმ განაცხადა.
"ჩვენ ვიმოქმედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა შეგვეჩერებინა ეგზისტენციალური საფრთხე მანამ, სანამ ის შეუქცევადი გახდებოდა. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს ბირთვულ ინფრასტრუქტურას, ბალისტიკური რაკეტების პოლიგონებსა და რეპრესიულ მანქანას, რომელიც მთელ ჩვენს რეგიონში ტერორს ასაზრდოებს. ჩვენ არ ვიმოქმედეთ იმპულსურად. ჩვენ არ ვიმოქმედეთ აგრესიით. ჩვენ ვიმოქმედეთ აუცილებლობით, რადგან ირანულმა რეჟიმმა სხვა გონივრული ალტერნატივა არ დაგვიტოვა. ეს ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მანამ, სანამ საფრთხე იარსებებს," - აღნიშნა დენი დანონიმ.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო. თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ხორციელდება. მედიაში ვრცელდება ცნობები თეირანის პოლიციისა და ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობებთან აფეთქებებთან დაკავშირებით.
"ოპერაცია "ლომის ღრიალის" დაწყებიდან პირველად: ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის გულში ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს ურტყამს," - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში. ირანის სამხედრო ძალები კი, საპასუხო დარტყმებს სპარსეთის ყურის მასშტაბით ახორციელებენ. დღეს დილით ომანის დუკმის კომერციული პორტი ორი დრონის სამიზნე გახდა, დაშავებულია ერთი მუშა. ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დახურულია. აეროპორტები დახურეს - ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. გაუქმებულია 1800-ზე მეტი რეისი. აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა.