19 ივნისი 2026,   06:15
ვრცლად
იერიში ირანზე და საპასუხო დარტყმები - ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცე დახურულია, რეგიონი კი ცეცხლის ალშია გახვეული

ოპერაცია სახელწოდებით "ლომის ღრიალი", სამიზნე ირანის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი, სამთავრობო და სამხედრო ობიექტები - შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია თეირანში, დღის პირველ ნახევარში დაიწყო. მალე სარაკეტო დარტყმები ირანის სხვა ქალაქებშიც განხორციელდა. აფეთქებების ხმა ისმოდა თავრიზში, ყუმში, ისფაჰანში, ლურესტანში, ჩაბარახში...

სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა და ირანს ბირთვული ინდუსტრიის განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპმა მიმართა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

მიმართვა გაავრცელა სამხედრო ოპერაციის მონაწილე მეორე ქვეყნის ლიდერმაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ოპერაციის მიზნად ირანიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება დაასახელა და თქვა, რომ ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ქმედებები შექმნის შესაძლებლობას, ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტოს.

არ დააყოვნა პასუხმაც. ირანმა ბალისტიკური რაკეტები ისრაელის დიდი ქალაქების მიმართულებით გაუშვა. საჰაერო დაცვის სისტემის აქტიური მუშაობის მიუხედავად, გაჩნდა ცნობები რამდენიმე რაკეტის საცხოვრებელ სივრცეში ჩამოვარდნის შესახებ. ისრაელმა უსაფრთხოების მიზნით, დაკეტა საჰაერო სივრცე და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა

ვითარება მკვეთრად დაიძაბა სპარსეთის ყურეშიც, ირანული რაკეტების სამიზნე ის სახელმწიფოები გახდნენ, სადაც ამერიკული ბაზები მდებარეობს. კატარი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, ბაჰრეინი - ირანმა საპასუხო იერიში, ყურის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიიტანა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონი ბაჰრეინის დედაქალაქში მდებარე ამერიკულ ბაზას. იერიშებს მოყვა მსხვერპლიც, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რაკეტის ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა. ირანი სათანადო ძალით პასუხობს ამერიკა ისრაელის დარტყმებს - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, აბას არახჩის სიტყვებით ირანი აგრესორს შესაბამისად უპასუხებს.

"როიტერის" ინფორმაციით, აიათოლა ხამენეი სამხედრო იერიშის დროს ირანში არ იმყოფებოდა. ირანული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად არ დაშავებულა პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი. მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მუჰამედ პაკპური ემსხვერპლნენ. ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალურ თეირანს. ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარული ჩარევაა რეზა ფაჰლევისთვის. ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ, უშედეგო მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა.

დღის ამბები