საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი 2012 წლიდან, წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ფორუმის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რეგიონში ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების და არსებული ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.
საქართველოსთან ერთად, ფორუმში მონაწილეობენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები. 400-მდე დელეგატმა, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელმა, სამი ქვეყნის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა და რეგიონული პროექტების მნიშვნელობა, პანელური სესიებისა და შეხვედრების ფორმატში განიხილეს.
რეგიონული პარტნიორობისა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით პარტნიორობის საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას. ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა - განსახილველი თემები ბევრია. სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მათ შორისაა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტიც, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ამოქმედდება და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში დაკავშირებადობის გამყარების კუთხით. რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც. შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
2025 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა იმ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის როლის გაძლიერება.
სამმხრივი ბიზნესფორუმი წინანდალში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.