18 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
უდიდესი მსხვერპლი და მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურა - ოთხი წელი უკრაინის ომიდან

კიევის ცენტრში სამხედროებმა სახელმწიფო დროშები დილის 09:00 საათზე დაუშვეს. ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დედაქალაქში ისმოდა შეძახილები - "დიდება გმირებს! უკრაინა უპირველეს ყოვლისა!"

კიევთან ერთად, მოძრაობა შეწყდა ლვოვის, ხარკოვის, ოდესისა და დნიპროს ქუჩებში. წუთიერი დუმილით მოქალაქეებმა პატივი მიაგეს იმ სამხედროებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმებს ემსხვერპლნენ.

ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, კიევში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების და ევროკავშირის ლიდერები ჩავიდნენ. დელეგაციებს წმინდა სოფიას ტაძარში ქვეყნის პრეზიდენტი დახვდა. კათედრალში სხვა და სხვა კონფესიის სასულიერო პირებმა უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ლოცვა აღავლინეს.

წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა სამთავრობო კვარტალში მდებარე ბუნკერიდან გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქვეშ მდებარე გვირაბებიდან მიმდინარეობდა პირველი მოლაპარაკებები მსოფლიო ლიდერებთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში.

ოფიციალური ღონისძიებების შემდეგ, "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა შედგა. სხდომაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ათი ათასობით მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით კი დევნილად იქცა, ქვეყნის არაერთი ქალაქი და დასახლება მიწასთანაა გასწორებული. ომის შედეგების აღმოსაფხვრელად და ქვეყნის აღსადგენად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უკრაინას 587 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები