არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და დაფრინავენ თუ არა ჩვენს ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - ამერიკაში ამ თემაზე საუბარი სამთავრობო დონეზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა. დონალდ ტრამპი არც ადასტურებს და არც უარყოფს არამიწიერი სიცოცხლის არსებობას, თუმცა სამთავრობო უწყებებს ავალებს ყველა იმ დოკუმენტის გასაჯაროებას, რომლებიც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენებსა და უცხოპლანეტელებს ეხება.
მოქმედმა პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით უპასუხა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბოლო ინტერვიუს, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოლიტიკურ პოდკასტში სტუმრობისას ობამამ თქვა, რომუცხოპლანეტელები რეალურად არსებობენ, თუმცა თავად მას მათთან კონტაქტი არასდროს ჰქონია.
ბარაკ ობამას განმარტებით, უცხოპლანეტელები ზონა 51-ში არ იმყოფებიან და არ არსებობს მიწისქვეშა ობიექტები, სადაც მათ მალავენ - ეს იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ გვაქვს მასშტაბურ შეთქმულებასთან.
ინტერვიუს ეს ფრაგმენტი მილიონობით ადამიანმა ნახა და საზოგადოებაში კითხვები თავიდან გააჩინა - როგორც შეთქმულების თეორიების მოყვარულებში, ისე სკეპტიკურად განწყობილ მოქალაქეებში.
ბარაკ ობამას ციტატა ინტერვიუდან ერთ დღეში როგორც ამერიკული, ისე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და სოციალური ქსელების მთავარ თემად იქცა.
მოგვიანებით ობამას მოუწია განმარტების გაკეთება თავის კომენტარზე. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ობამამ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტი იყო 2009-2017 წლებში, განმარტა: „ჩემი პრეზიდენტობის დროს მე არ მინახავს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უცხოპლანეტელებს ჩვენთან კონტაქტი აქვთ. მართლა!“
როგორც ჩანს, ეს განმარტება ამერიკელების ნაწილისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, იგივე კითხვა რეპორტიორებმა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტსაც დაუსვეს. დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ობამამ „საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა და მას ეს არ უნდა გაეკეთებინა“.
ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მე ვავალებ ომის მინისტრსა და სხვა დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ იმ სამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირება და გასაჯაროება, რომლებიც უცხოპლანეტელებსა და არამიწიერ სიცოცხლეს ეხება, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენებს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ უკიდურესად კომპლექსურ, საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს ეხება"
ახლა საზოგადოება მოუთმენლად ელოდება დოკუმენტების გამოქვეყნებას, რადგან ტრამპს საიდუმლო მასალების გამოქვეყნების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
როდის დაიწყეს ამერიკელებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ძიება და რა ხდება დღეს?
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკაში UFO-ების თემა სახელმწიფო დონეზე აქტიურდება.
დღეს უცხოპლანეტელები ამერიკული პოპულარული კულტურის ნაწილად იქცა, თუმცა ყველაფერი 1947 წელს დაიწყო, როცა ამერიკელმა პილოტმა კენეტ არნოლდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შტატში, მთა რეინირის მახლობლად, უცნაური ფორმის სწრაფი ობიექტი დაინახა. გაზეთებმა ამ ობიექტებს "მფრინავი თეფშები" უწოდეს.
ამ მოვლენამ ეროვნული მასშტაბის ინტერესი გამოიწვია. ამ სტატიის შემდეგ ამოუცნობ
მფირნავ ობიექტებზე საუბრობდა ყველა. არა მარტო საუბრობდა, მასზე წერდნენ მოთხრობებსა და რომანებს. იღებდნენ ფილმებს. იმდროინდელი კვლევების მიხედვით, ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს სჯეროდა, რომ უცხოპლანეტელები არსებობდნენ.
ცივი ომის შემდეგ ამერიკის სამხედროებმა და CIA-მ დაიწყეს ოფიციალური გამოძიებები და კლასიფიცირებული პროექტები იმის გასარკვევად, წარმოადგენდა თუ არა არაიდენტიფიცირებული ობიექტები ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს.
1952 - 1969 წლებში ამერიკის საჰაერო ძალებმა დაახლოებით 13 000 შემთხვევაა დააფიქსირეს, რომლებიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან იყო დაკავშირებული. საზოგადოება ითხოვდა ამ მასალების გასაჯაროებას. მაშინ CIA-იმ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
უცხოპლანეტელების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი და ეჭვები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება არამიწიერი სიცოცხლის შესახებ ინფორმაციას მალავდა 2017 წელს კვლავ გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც პენტაგონისა და მთავრობის ყოფილმა თანამშრომლებმა მედიას ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ამოუცნობი ობიექტების ვიდეოები მიაწოდეს. ეს მასალები პენტაგონის საიდუმლო პროგრამას უკავშირდებოდა.
გაზრდილმა ყურადღებამ 2022 წლის მაისში კონგრესი აიძულა, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გაემართა მოსმენები UFO-ების თემაზე. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, მწვანე სამკუთხედის ფორმის ობიექტები დიდი ალბათობით დრონები იყო.
2024 წელს პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უცხო პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. პენტაგონის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო უწყებამ ვერ აღმოაჩინა უცხოპლანეტელების მიერ დედამიწაზე ვიზიტის ან პლანეტაზე ავარიული დაშვების ვერანაირი მტკიცებულება. პენტაგონი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უცხოპლანეტელების "გამოჩენის" ყველა შემთხვევა ჩვეულებრივი მფრინავი ობიექტებისა და მოვლენების არასწორი ინტერპრეტაცია იყო.
ორი წლის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში კვლავ გააქტიურებულიყო კითხვა - არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და ცხოვრობენ თუ არა ისინი ჩუმად ჩვენს შორის?
ტრამპის კრიტიკოსების აზრით, უცხოპლანეტელების თემა პოლიტიკოსებისთვის ხშირად უფრო მოსახერხებელი განსახილველი თემაა, ვიდრე რეალური პრობლემები. მაგალითად, რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მესი მიიჩნევს, რომ დოკუმენტების გასაჯაროების ბრძანება შესაძლოა საზოგადოების ყურადღების სხვა სკანდალებიდან გადატანის მცდელობა იყოს. კერძოდ, მესი გულისხმობს სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის დოსიესა და მასთან დაკავშირებულ გამოძიებებს.
„ამ გადაწყვეტილებით ტრამპი ცდილობს ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებისგან" - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელ X-ზე. „მაგრამ ეპშტეინის სკანდალს ასე ვერ გადაფარავ - უცხოპლანეტელების დახმარებითაც კი".
ამერიკელი კონგრესმენი შეიძლება მართალიც იყოს - არ არის გამორიცხული, რომ ეს დონალდ ტრამპის სვლა იყოს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა, უფრო პოპულარულ საკითხზე გადაიტანოს. თუმცა ეს მაინც არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენ ამ სამყაროში მარტო არ ვართ.
შესაძლოა, ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ UFO-ების არსებობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა არც იმის პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს, რომ ამ უსასრულო სამყაროში სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზეა.
გაეცემა თუ არა საბოლოო პასუხი საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში დასმულ კითხვას - ვართ თუ არა ამ სამყაროში მარტო - ამას ძალიან მალე გავიგებთ.
ავტორი: ნათია ჩეხერია