28 კილოგრამი მეთადონის სამალავს, პოლიციამ თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ ბინაში მიაგნო. დაკავებულია 29 წლის მამაკაცი.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული უკრაინის მოქალაქე ანდრი მაციუციაა. ახალგაზრდა მამაკაცი უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვას უახლოეს დღეებში გეგმავდა. რეალიზაცია ვერ მოასწრო. ნარკოტიკი და ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი სხვა ნივთმტკიცებები პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო.
28 კილოგრამი მეთადონის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი დღის მეორე ნახევარში წარუდგინა. ბრალდების მხარე სასამართლოზე ანდრი მაციუცის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.
კადრები "კურიერმა" ნარკოდანაშაულის კიდევ ერთ მისამართზე გადაიღო. ბინაში ნარკოლაბორატორია იყო მოწყობილი. დანაშაულის კვალზე სამართალდამცველები ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ გავიდნენ.
დაკავებულია უზბეკეთის ორი მოქალაქე, ერთ-ერთი ქალია. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს კუსტარულად ამზადებდნენ, შემდეგ კი ყიდდნენ. მცირე ზომის ოთახში ჰქონდათ შესაბამისი მოწყობილობები. მეზობლების თქმით, უცხოელები ბინაში ერთი თვის წინ გადავიდნენ და არავისთან კონტაქტობდნენ.
კანაფის მოყვანისა და კულტივირებისთვის საჭირო სათბურების კადრები სხვადასხვა მისამართზეა გადაღებული. მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა 20-მდე პირი აიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და აღკვეთილია რეალიზაციის რამდენიმე ფაქტი. პოლიციამ კლიენტისთვის სამალავებში დადებული ნარკოტიკიც ამოიღო.
ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამეს.
გიორგი ბუხრაშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკების გარდა სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეში თანხაც დევს. სავარაუდოდ, ეს ის ფულია, რომელიც ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკის გაყიდვის შემდეგ აიღო.