05 აგვისტო 2026,   00:01
ვრცლად
"ქოლცენტრების" საქმე - "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა მთავარი ფიგურანტის ჩვენება, რომელიც იმ სქემას შიფრავს, რომლითაც ელისო კილაძე და მისი მფარველები მოქმედებდნენ

ბრძოლა ქოლცენტრების წინააღმდეგ საკუთარი ქოლცენტრების გასაძლიერებლად. ორგანიზებული ჯგუფი, სადაც ყველას თავისი როლი ჰქონდა. შავი ბუღალტერია, ბონუსები, წილების გადანაწილება, ნაძარცვი კრიპტოვალუტის ტრანზაქციების კვალის არევა და უძრავი ქონებით ფულის გათეთრება, ასევე საჩვენებელი რეიდები კონკურენტების ჩამოსაშორებლად. ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი ქოლცენტრების მფარველობაში შემოსავლის 20 პროცენტს იღებდა, ელისო კილაძეს კი თვეში 12 000 დოლარი ჰქონდა. "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებელს პერიოდულად აძლევდნენ პრემიებს, ამ გზით აქვს მიღებული უძრავ-მოძრავი ქონებაც.

საქმეში არა ერთი მტკიცებულება დევს. "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის ჩვენება, რომელიც იმ სქემას შიფრავს, რომლითაც ელისო კილაძე და მისი მფარველები მოქმედებდნენ.

მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის ფიგურანტი, რომელიც დიდი ოდენობით ფულს თავადაც სწორედ ევროპელი პენსიონერების ძარცვით შოულობდა, შემდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას უძრავ-მოძრავი ქონების შეძენით ახდენდა. საქმის მასალების თანახმად, ელისო კილაძე 2022 წლის მაისში, ბათუმში, ჟღენტის 1 ნომერში, საგანგებო მისიით და წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით ჩავიდა - ჩამოეშორებინა სხვა ქოლცენტრების სახით მოქმედი კონკურენტები.

ამ დროს "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებელი, დანაშაულებრივ ჯგუფთან შეთანხმებით, საკუთარი უკანონო საქმიანობის შენიღბვას ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში ჩართულ პირებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ - ბრალდებულ კილაძეს კი მისი მედიაპლატფორმის მეშვეობით, კონკურენტი ქოლცენტრების გაშავება და მათი მხილების შემდეგ, თაღლითურ საქმიანობაში ჩართული პირების გადაბირება ევალებოდა - ამ სქემით იმოქმედა ბათუმშიც.

ბათუმში მდებარე ქოლცენტრში, ელისო კილაძის ე.წ. რეიდის შესახებ ინფორმირებული იყო ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. ყოფილი გენერალური პროკურორი და დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელიც თაღლითურ სქემას მის გარემოცვასთან ერთად მფარველობდა, სანაცვლოდ კი ყოველთვიურად უკანონო შემოსავლის 20 პროცენტი ერიცხებოდა. წინასწარ დაგეგმილი თაღლითობის შესახებ, ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, კილაძის პარტნიორმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ისაუბრა. გივი ჯიბლაძე , რომელსაც დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ გირაო შეეფარდა, ჩვენებაში ასახელებს კონკრეტულ გვარებს- კილაძეს, ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს, მიხეილ ჩოხელსა და ირაკლი სეხნიაშვილს- ამბობს, რომ სწორედ ამ ადამიანებთან კოორდინაციით მოხდა ბათუმის ქოლ ცენტრის გაშავება.

ელისო კილაძის პარტნიორი ამავე ჩვენებაში ამბობს, რომ კილაძე ქოლ-ცენტრებთან მებრძოლის იმიჯს, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვის მიზნით იქმნიდა, რეალურად კი თაღლითურ საქმიანობაში, საინფორმაციო მხარდაჭერის გზით ერთვებოდა. გამოძიების ცნობით ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, მედიაში გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერიც, სადაც სავარაუდოდ ელისო კილაძე და მისი ბიზნესპარტნიორი, გივი ჯიბლაძე მათთან შეუთანხმებლად დაფუძნებული ქოლ ცენტრის ჩაძირვის გეგმას განიხილავენ.

ეს ფარული ჩანაწერი, გამოძიებას, ბენ ანორმა გადასცა. ისრაელის მოქალაქემ, რომელიც ქოლ-ცენტრების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდა, პროკურატურას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. სწორედ ბენ ანორს ეკუთვნის ის შენობაც, სადაც თაღლითური ორგანიზაცია იყო განთავსებული.

კილაძის ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამხილებელი აუდიოჩანაწერის ავთენტურობასაც, რომლის ნამდვილობა სამხარაულის ექსპერტიზამ უკვე დაადგინა. თუმცა ვალერი გელბახიანი ვერ უარყოფს, რომ შენობაში, სადაც ელისო კილაძეს ოფისი ჰქონდა, პარალელურად ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ელისო კილაძე, დანაშაულებრივი ჯგუფის ქოლ ცენტრისთვის საინფორმაციო მხარდაჭერის სანაცვლოდ თვეში 5 000 დოლარს, მისი პარტნიორი გივი ჯიბლაძისგან, 7 000 დოლარს კი ოთარ რომანოვ ფარცხალაძისგან იღებდა. მიღებული ჰქონდა ბონუსები და უძრავ მოძრავი ქონებაც. ეგრედ წოდებული შავი ბუღალტერია გამოძიებამ ჩხრეკის შედეგად ამოიღო და დაადგინა, რომ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქეს, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, თაღლითურად თითქმის 10ი მილიონი გამოსძალა.

ქოლ-ცენტრების მასშტაბურ საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ და ძებნა გამოცხადდა ოთარ რომანოვ ფარცხალაძის, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილის და დავით მიქაძის მიმართ. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება საპატიმროში გააცნეს. დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს საქმის კიდევ 2 ფიგურანტი- თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე.

დღის ამბები