05 აგვისტო 2026,   13:55
ვრცლად
"დაცვის მოწმეებმაც კი დაადასტურეს ბრალდების მხარის პოზიცია" - რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყო. სასამართლოს ჩვენება მისცა გიორგი მოწყობილმა, რომელიც მიქაუტაძის მძახალია. მან სასესხო ხელშეკრულებაზე ისაუბრა.

"დღეს დაიკითხა პირი, რომელმაც რომეო მიქაუტაძეს ოჯახს ასესხა 300 000 ლარი. მანვე აღწერა დეტალებში, როდის, რა ვითარებაში იქნა გადაცემული თანხა და, ასევე, აღწერა, თუ საიდან გააჩნდა მას პირადად ეს თანხა. ასევე, გამოიკითხა მოწმე თორნიკე ბახტურიძე, რომელიც არის "მაშავერა ჰესისა" და "ნახიდური ჰესის" პროექტის ავტორი, მან დაადასტურა, რომ ამ პროექტთან მიმართებაში მას კომუნიკაცია ჰქონდა გიორგი მიქაუტაძესთან და მან გამორიცხა რომეო მიქაუტაძის მონაწილეობა ამ პროექტში," - აღნიშნა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.

პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

"ბრალდების მხარემ წინა პროცესზე დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ დაცვის მოწმეები და დაცვის მოწმეებმაც კი დაადასტურეს ბრალდების მხარის პოზიცია. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს შეეძლო დახმარება გაეწია კონკრეტული კომპანიებისა და პროექტებისთვის. ჩვენ, ბრალდების მხარემ, როდესაც წარმოვადგინეთ მოწმეები და მტკიცებულებები, იქ უკვე კონკრეტულად განაცხადეს მოწმეებმა, რომ კონკრეტულ პროექტებს ლობირებდა რომეო მიქაუტაძე," - განაცხადა პროკურორმა, ირაკლი მალაშხიამ.

დღის ამბები