04 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
მთავრობა სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებას წყვეტს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს - კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან - შპს "ინსისა" და შპს "ჯავას" ერთობლივ საწარმოსთან. პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა.

ველისციხეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. განიხილეს პროექტის გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები.

ბექა ურუშაძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. თითოეული ეტაპი, ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება, აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.

პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია "ეპტისა" დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. პროცედურა აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შესადგენად.

დღის ამბები