ადგილობრივი მეწარმეების შემდეგ, მომავალი კვირიდან, კანონმდებლები საპარლამენტო კომისიის ფორმატში, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს მოუსმენენ. რა განაპირობებს საქართველოში სამომხმარებლო ფასების სიძვირეს და რამდენად შესაძლებელია პროდუქტების ღირებულების შემცირება - დროებითი კომისია მეოთხე შეხვედრას გამართავს. რამდენიმე პრობლემა უკვე გამოიკვეთა. მეწარმეებმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქსელური მარკეტების პირობები დაასახელეს. კომისიის თავმჯდომარე ფასწარმოქმნის ჯაჭვზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესწავლილი იქნება როგორც კომპანიების საოპერაციო ხარჯები, ასევე - მათი ფინანსური სტაბილურობა.
კონკრეტულ გამოწვევებზე საუბრობენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში. ამბობენ, რომ, კომპლექსური და კოორდინირებული ნაბიჯებით, ხელშესახები შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
კომისიის მუშაობის პროცესში, უმრავლესობასთან და სხვა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, ოპოზიციაც არის ჩართული. ხელისუფლების ოპონენტები პროცესს პესიმისტურად აფასებენ.
ფასების რეგულირების კუთხით, გრძელვადიანი ეფექტის მქონე გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა, რომელიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას უკავშირდება, დროული და აუცილებელია.
პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, პროცესმა საკანონმდებლო სივრცეში გადაინაცვლა. საპარლამენტო დროებითი კომისია სამთავრობო გუნდთან კოორდინაციით მუშაობს.