გორში, სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვები მზადდებოდა - ტერიტორიაზე საწარმოო პროცესი უკვე შეჩერებულია. დაკავებულია შპს "ბატონო"-ს ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ივანე გოგლიძე. გამოძიების ინფორმაციით, მძიმე და არასანიტარულ პირობებში შექმნილი უვარგისი საკვები პროდუქტი ძალოვან უწყებებს ეგზავნებოდა. "რუსთავი 2" დღეს მწარმოებელ კომპანიაში იმყოფებოდა - "კურიერი" საწარმოს ეზოში არ შეუშვეს. მომხდარზე თანამშრომლები არ საუბრობენ.
ივანე გოგლიძე შპს "ბატონოსთან" ერთად კომპანია "კულას" დამფუძნებელია. ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებებთან ერთად არგუმენტები წარადგინეს, მოსამართლემ გოგლიძე პატიმრობაში დატოვა.
ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყების ინფორმაციით, საწარმოდან 17 200-ზე მეტი ფალსიფიცირებული თევზის კონსერვია ამოღებული. პროდუქტებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, საკვები მოხმარებისთვის უვარგისია. რიგ შემთხვევებში კონსერვს ექსპერტიზაც ვერ ჩაუტარეს, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო ექსპერტის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა.
ხარისხის კონტროლის მექანიზმებიდან გამომდინარე, უვარგისი საკვები პროდუქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის უწყებამ კვების რაციონიდან მთლიანად ამოიღო. დამატებითი შემოწმების შემდეგ ძალოვან სამინისტროებს პროდუქცია უწყებებში არ შეუტანიათ.
ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.