03 აგვისტო 2026,   06:20
ვრცლად
ხე-ტყის უკანონო მოპოვება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტრანსპორტის ფარულად გაქირავება - მასშტაბური ანტიკორუფციული ოპერაციის ფარგლებში, დაკავებულია 12 პირი

შპს "სანდასუფთავებაში" ხელმძღვანელი პირის დაკავების მიზეზზე საუბარს თავს არიდებენ. ცნობილია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელმ,ა კომპანიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის აიყვანა.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებული რამაზ რუხაძეა. გამოძიებით ირკვევა, რომ რუხაძე ბათუმის მერიის დაფუძნებული კომპანიის კუთვნილ სატვირთოებს არაოფიციალურად იყენებდა და სანაცვლოდ თანხას იღებდა.

რამაზ რუხაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღის მეორე ნახევარში წარუდგინეს. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

რუხაძე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა სუს-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უკვე მოპოვებული აქვს. საგამოძიებო უწყებამ ფარულად გადაღებული მასალა გაასაჯაროვა.

ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები დევს კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა დანაშაულის ფაქტი აქაც ქრთამის აღების შემთხვევას არ წარმოადგენს. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები ამჯერად ლაგოდეხში იყვნენ მობილიზებულები. დაკავებულია მერიის წარმომადგენელი.

"კურიერის" ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული რამაზ ამიროვი მოქალაქეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელისთვის თავის არიდებაში დაეხმარა.

ქრთამის აღების ფაქტებზე ჩატარებული ღონისძიებების დეტალები დღეს სუს-ში განმარტეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ იმ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოიპოვა.

დღის ბოლოს, მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის შესახებ კომენტარი გაკეთდა გენერალურ პროკურატურაშიც. ბრალდების მხარე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

ანტიკორუფციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები. გაშიფრულია სქემა, რომლითაც მოქმედებდნენ.

12 პირი პასუხისგებაში მიეცა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. 3 პირს ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მცენარეების უკანონოდ გაჩეხისთვის. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი.

"კორუფცია შუა რგოლში" კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა დანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაბამისი რესურსი აქვს. ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, კანონდარღვევის ფაქტებს უწყებისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

სისხლის სამართლის საქმეებზე სუს-ში გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უახლოეს პერიოდში დანაშაულში ჩართული სხვა პირებიც გამოავლინონ.

დღის ამბები