მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები - ქოლცენტრების საქმის ყველა დეტალი, 20 ტომში დევს. პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ბრალი 10 პირს წარედგინა, ადვოკატებს უკვე გადაეცათ.
საქმის მასალების გასაცნობად გენერალურ პროკურატურაში პირველი ელისო კილაძის ადვოკატი მივიდა. ვალერი გელბახიანი მრავალ ტომს დეტალურად ჯერ არ იცნობს, თუმცა ამტკიცებს, რომ საქმეში ელისო კილაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს. ფულის გათეთრებას და თაღლითობას არ აღიარებს, ორგანიზებული ჯგუფის წევრობას უარყოფს თავად ბრალდებული.
ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობას ელისო კილაძე ეჭვქვეშ აყენებს და ამტკიცებს, რომ საუბარი შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი იყოს, გამოძიებას ამავე საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ბენ ანორმა მიაწოდა. ანორის ადვოკატის თქმით, აუდიოჩანაწერის ნამდვილობა, რომელშიც ელისო კილაძე და გივი ჯიბლაძე ქოლცენტრებთან დაკავშირებით საუბრობენ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე დაადასტურა.
აუდიოჩანაწერი მრავალტომიან საქმეში უკვე დევს. მასალებშია ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ნაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც. 4-მა ბრალდებულმა გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და დანაშაულიც აღიარა. ნაწილი კი ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირს უარყოფს. მათ შორის ოთარ ფარცხალაძე, მიხეილ ჩოხელი და ძმები მიქაძეები. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები მფარველობდნენ ქოლცენტრებს.
როგორ მუშაობდა 2020-2023 წლებში თბილისში ქოლცენტრები ? - გამოძიების ინფორმაციით, ზედამხედველების მითითებით, ინგლისურ, რუსულ და გერმანულენოვანი ოპერატორები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ, სავაჭრო პლატფორმებში ინვესტიციების ჩადებას სთავაზობდნენ, შემდგომ კი მათ თანხებს ან კრიპტოვალუტას უკანონოდ ეუფლებოდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურად მოპოვებული თანხის ნაწილით ოპოზიციური მედიები ფინანსდებოდა. საგამოძიებო უწყებამ დაადგინა ისიც, თუ ვის რა როლი ჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფში.
200-ზე მეტი დაზარალებული და მოპარული 10 მილიონი დოლარის ოდენობით კრიპტოვალუტა - ე.წ ქოლცენტრების საქმის ათივე ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე.