მმართველ პარტიაში აინტერესებთ, რა პოზიცია აქვთ დღეს უცხოელ აქტორებს, რომლებიც პოლიტიკურად დევნილს უწოდებდნენ მას, ვინც დანაშაული სრულად აღიარა. გიორგი ბაჩიაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, ზიანი აანაზღაურა და საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა, - მაშინ რის საფუძველზე ამტკიცებდნენ, რომ ბაჩიაშვილი უდანაშაულო იყო და ის პოლიტიკური მოტივით დააკავეს? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავად ის განცხადებები იყო, რომელსაც ამ საქმეზე კონკრეტული სუბიექტები აკეთებდნენ.
გერმანიის ელჩი მაშინ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებაზე შეშფოთებას გამოთქვამდა და ამბობდა, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
საქმეს პოლიტიკურ თავდასხმად და ქართულ დემოკრატიაზე დარტყმად აფასებდნენ ქვეყნის გარედან სენატორი ჯინ შაჰინიც და ჰელსინკის კომისიაც.
"პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლი" - ამ შინაარსის სათაურით იბეჭდებოდა სტატიები უცხოურ მედიაშიც. გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატი კი საჯაროდ წერდა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა და მის კლიენტს უსაფუძვლოდ, პოლიტიკურად დევნიდნენ. ამ შეფასებას იზიარებდა ოპოზიციაც, თუმცა მათი რიტორიკა დღეს უკვე თავად ბაჩიაშვილის აღიარებამ შეცვალა - მას ყოფილ პოლიტპატიმარს აღარ უწოდებენ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მცდელობის მიუხედავად პასუხისმგებლობას ვერ გაექცეოდა, რადგან მისთვის წარდგენილი ბრალდებები ფაქტებით დასტურდებოდა. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ აღიარა თავადვე სისხლის სამართლის სამივე დანაშაული.
სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ნაცნობი ხელწერაა - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ირაკლი კობახიძემ დღეს მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპატიმრო გუშინ დატოვა. მან დანაშაული სრულად აღიარა როგორც ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების ფაქტზე, ისე საზღვრის უკანონოდ კვეთისა და "მტკვარი ჰესის" საქმეებზე.