12 აგვისტო 2026,   19:03
ვრცლად
რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა!

პარლამენტმა, 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება.

თემასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 7 პირი, რომელმაც ცვლილების წინააღმდეგ მისცა ხმა, პარტია "საქართველოსთვის" წევრია.

მისივე თქმით, მათ მოუწევთ, შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. ეს ცვლილებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა და, თუ იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ "გახარიების" მხრიდან ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი და მათ მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები