უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, როგორია მათი თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, რა ზომებს ატარებს მთავრობა არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად? - კითხვების ავტორი "ქართული ოცნებაა", ადრესატი კი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფრაქციის შეკითხვებს საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს კონკრეტული ციფრებით უპასუხა. 257 000 მოქალაქე, რომლის 70 პროცენტზე მეტიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან არიან. ოფიციალურ სტატისტიკასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ დეტალურად განმარტა, რამდენ პირს აქვს ბინადრობის ნებართვა, რა მიზნით და რა ვადით. ითქვა, რომ, გამოწვევების ფონზე, გამკაცრებულია რეგულაციები. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება კი ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ნულამდე ჩამოვიდეს.
რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს? - ინტერპელაციის ფარგლებში დასმული ამ შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციაზე. მისი თქმით, წინასწარი გაყიდვების მაჩვენებელიც ადასტურებს, რომ არაბიზაციაზე ოპოზიციის სპეკულაციები ჩავარდა, ისევე, როგორც ე.წ. რუსული კანონის კამპანია.
პრემიერ-მინისტრის პასუხებს მოჰყვა ზეპირი შეკითხვებიც. ხელისუფლების ოპონენტებმა, მიგრაციის პოლიტიკაზე მეტად, პრობლემა დემოგრაფიაში დაინახეს.
პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გაგრძელდა, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეებმა დაიკავეს. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხედავენ თავად მიგრაციული გამოწვევების დაძლევას.
პარლამენტში უკვე მიღებული კანონებით, უკანონო მიგრაციის შემთხვევებში, გაზრდილია ჯარიმები, სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა, შექმნილია ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა ელექტრონული სისტემა, გამკაცრებულია მათი დასაქმების პირობებიც. გაცილებით ადრე აიკრძალა კონსტიტუციურ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, მაგრამ რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებული მიგრაციის სტრატეგია? - ინტერპელაციის წესით დასმულ ბოლო შეკითხვას ირაკლი კობახიძემ, ოპონენტების სხვა შეკითხვებთან ერთად, შემაჯამებელ გამოსვლაშიც უპასუხა.
შეერთებული შტატებისა და ევროპის მსგავსად, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება საქართველოს ხელისუფლების განაცხადია. პრემიერ-მინისტრმა დღეს ახალი ინიციატივებიც დააანონსა, რომელსაც მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.