აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მთავრობის ნაწილობრივი დახურვის მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც კონგრესმა სააგენტოს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ მიიღო. თუმცა, DHS-ის თითქმის ყველა თანამშრომელი სამსახურში დარჩება - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ხელფასს shutdown-ის დასრულებამდე ვერ მიიღებს - და საზოგადოება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეამჩნევს, - წერს CNN-ი.
DHS-ი არის ბოლო ფედერალური სააგენტო, რომელიც დაფინანსების დეფიციტს 2026 ფისკალური წლის ბოლომდე განიცდის, რომელიც 30 სექტემბრამდე გრძელდება. ნოემბრის შუა რიცხვებში, რეკორდულად ხანგრძლივი shutdown-ის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა კანონპროექტების სერია მიიღეს მთავრობის დანარჩენი ნაწილის დასაფინანსებლად.
იანვრის ბოლოს დამტკიცებული უახლესი პაკეტი, DHS-ს მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში აფინანსებდა, რათა კონგრესს მეტი დრო ჰქონოდა სააგენტოს იმიგრაციის აღსრულების ოპერაციების რეფორმებზე მოსალაპარაკებლად - მოთხოვნა, რომელიც სენატის დემოკრატმა წევრებმა წამოაყენეს მას შემდეგ, რაც ფედერალურმა იმიგრაციის აგენტებმა, იანვარში, მინეაპოლისში, ორი აშშ-ის მოქალაქე მოკლეს.
"კანონმდებლებმა, გასულ კვირას, ვაშინგტონი შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებაზე შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვეს და შემდგომი ნაბიჯები გაურკვეველი რჩება. თეთრ სახლსა და დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს და ორივე პალატა ვაშინგტონში დაბრუნებას 23 თებერვლამდე არ გეგმავს, თუმცა რესპუბლიკელი პარტიის ლიდერები შეიძლება მაინც შეკრიბონ, თუ შეთანხმებას მიაღწევენ", - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი პრესსპიკერი, ტრიშა მაკლაფლინი თანამდებობას ტოვებს.
ტრამპის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ მაკლაფლინი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დატოვებს მინისტრის თანაშემწის თანამდებობას.