ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ მომდევნო წლების სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა. ახალ სტრატეგიაში საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გადახედვაზე.
დოკუმენტის მიხედვით, შტატები საგარეო პოლიტიკაში ძველ მიდგომებზე უარს ამბობს, რადგან წინა წლების პოლიტიკა მცდარი აღმოჩნდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანა წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეთანხმებების მხარდაჭერას, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასევე გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. დოკუმენტში საუბარია რომ გაერო მნიშვნელოვნად დასცილდა თავის მთავარ ფუნქციას - კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს ახალი დოკუმენტიდან დასკვნების გაკეთება მარტივია.
"ამ დოკუმენტით აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარე ჩარევები ხდებოდა, დამახინჯებული ლიბერალური იდეოლოგიების თავს მოხვევა სხვა ქვეყნებისადმი. მისასალმებელია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა უკანონო ჩარევებზე, უკანონო გავლენების მოპოვებაზე და პირიქით, სხვა საზოგადოების პატივისცემით აპირებს ის ამ საგარეო პოლიტიკის განვითარებას, ამიტომ, ამ დოკუმენტიდან დასკვნების გაკეთებაც მარტივია", - აცხადებს მახაშვილი.