სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს. მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაინახეს, როგორ გაიტანეს პოლიციელებმა დალუქული ნივთმტკიცებები სახლიდან.
"კურიერის" ინფორმაციით, სახლიდან პოლიციამ 6 შეკვრა დაფასოებული კოკაინი ამოიღო. ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დაკავებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა და პოლიციას გასაყიდად დადებული ნარკოტიკის სამალავებიც უჩვენა.
გასაყიდად გამზადებული მეტადონი ამოიღო პოლიციამ ქინქლაძის 9 ნომერში. ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 50 წლის ქალია დაკავებული. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ნარკოტიკი საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო დამალული, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნარკოდანაშაულთან კავშირს გამორიცხავს.
ნარკოდანაშაულისთვის, ბოლო 24 საათში, პოლიციამ კიდევ 5 პირი აიყვანა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. საპოლიციო ღონისძიება ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობდა.
წულაიას ქუჩაზე სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით, ავტომობილი გააჩერეს. პოლიციას ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, საჭეს მურად ნარმანია მართავდა. 36 წლის მამაკაცმა მიმალვა გადაწყვიტა - საკუთარი მანქანით ჯერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, შემდეგ კი სამინისტროს ავტომობილს შეეჯახა. დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მას სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აქვს.
გაქცეული ნარმანია პოლიციამ მალევე დააკავა და მის მიერ სამალავებში გასაყიდად დადებული ალფა პვპ-ც ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ალფა პვპ, კოკაინი, მეტადონი, "ბუპრენორფინი" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი 81 აბი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი 7 პირის საქმეში მთავარი მტკიცებულებებია.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. გეკა გელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მინისტრის თქმით, გაუმჯობესებულ შედეგს ბოლო ორი წლის სტატისტიკაც ადასტურებს. ირკვევა, რომ 2026 წელს პოლიციამ ნარკოტიკების რეალიზაციაში ჩართული 300-მდე პირი დააკავა.
გაუმჯობესებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგია - ირაკლი კობახიძის თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებებმა ნარკოტიკზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და რეალიზაციის ფაქტები შემცირდა.
ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.