ენერგეტიკულ კომპანიებს მილიარდიანი დავალიანება გაუნულდებათ. ეს ახალი შანსია 100-მდე შეჩერებული პროექტისთვის. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ინვესტორების განაცხადი და პასუხისმგებლობის აღება იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც სრულყოფილად შეძლებენ. მთავრობის ამ ინიციატივით ძირითადად ჰიდროენერგეტიკის სექტორი ისარგებლებს.
მთავრობის ინიციატივა ორ მიზანს ემსახურება - კომპანიებს მოეხსნათ ფინანსური ბარიერი და დარჩეთ მოტივაცია ენერგეტიკული პროექტების შესაბამის ვადებში განსახორციელებლად. გადაწყვეტილებისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან ბიზნეს ასოციაციაში.
ჯარიმების ჩამოსაწერად კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს. არსებობს დათქმებიც. თუ კონკრეტული ვალდებულებები განმეორებით შემთხვევაშიც ვერ შესრულდება აღდგება ძველი, ნაპატიები ჯარიმაც და დამატებით, კომპანიებს ახალი ფინანსური ვალდებულებაც დაეკისრებათ. ეკონომიკის სამინისტროში აქცენტს ახალ შესაძლებლობებზე აკეთებენ.
კომპანიას ჯარიმების განულების შესახებ განაცხადის წარდგენა 16 მარტის ჩათვლით შეუძლია. ამის შემდეგ ინვესტორმა კონკრეტულ ვადაში ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს, განახორციელოს პროექტები რომლებიც სამომავლოდ ენერგეტიკული სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.