გადატვირთული გზები და გარემოზე გამონაბოლქვით მიყენებული ზიანი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან და ავტოპარკის განახლებასთან ერთად, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიზანი, ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. სპეციალისტები იმ მექანიზმების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ჯანდაცვის ექსპერტები აქცენტს რეგულაციების დადგენაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ექიმები. მედიკოსები ამბობენ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით რისკ ჯგუფებზე აისახება. აქცენტი კეთდება ქრონიკული დაავადების მქონე პირების, ბავშვების, ორსულებისა და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
კანონპროექტზე, რომლის მიხედვით საქართველოში 6-ს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა პირველი აპრილიდან აიკრძალება, გარემოს დაცვის უწყებამ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშავა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მანქანების იმპორტზე და ქვეყანაში უკვე შემოყვანილ ავტომობილებს ცვლილება არ ეხება.
ახალ გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ბიუროზე წარდგენის შემდეგ, ცვლილებებს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2012 წელს ქვეყანაში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, მიმდინარე წლის სტატისტიკით კი მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.