გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 არასრულწლოვანს, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით ახალ ბრალზეც პატიმრობა შეუფარდა. ავალიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ინფორმაციით, გამოვლინდა დაკავებულების მიერ ჯგუფური თავდასხმის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ახალი ფაქტებიც. სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, 25 ტომიან საქმეში ვიდეო-მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნების გარდა, არაერთი მოწმის ჩვენებაც დევს.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის ახალ ბრალზე, ვიდეომასალა გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თანამზრახველებთან ერთად, მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფურ ძალადობას სისტემატურად აორგანიზებდნენ, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ. ყველაფერს მობილურით იღებდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.
ერთადერთ ვიდეოში თავისი შვილის მონაწილეობას ადასტურებს დაკავებულის მამა. ის ამტკიცებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული სხვადასხვა ჩხუბის ამსახველ მასალაში, მისი ოჯახის წევრი ვერ ამოიცნო. კიდევ ერთი დაკავებული არასრულწლოვნის დედა კი, პოზიციის დასაფიქსირებლად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
"დიდი დიღმის ბანდა" - ასე უწოდებს მოკლული გიგა ავალიანის დედა დაკავებულ არასრულწლოვნებს. ეკა კუპატაძე მათ ახალ ბრალზე ბევრს არ საუბრობს. პროკურატურას კი მადლობას უხდის, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმეს, რასაც თავადაც ითხოვდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალი გუშინ დაუმძიმა. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ბრალდებულებს ახალი ბრალდებაც წარედგინათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვნიდან ორს 14 წლამდე, ერთ პირს კი 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება შსს-ში ისევ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.