09 აგვისტო 2026,   23:03
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა

საკანონმდებლო ორგანოში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. კანონმდებლებმა დღეს სურსათის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს. ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებლებმა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისვა არაერთი შეკითხვა. კომისიაზე განიხილეს ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები. დღესვე კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართა, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს.

"რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას - მე, უბრალოდ, არ დავკონკრეტდები ციფრებთან დაკავშირებით, რადგან ასეა თუ ისე, კომერციული ინფორმაციაა. ჩვენ, კონკურენციის სააგენტოს მივაწოდეთ აბსოლუტურად ჩაშლილი ციფრები და ზუსტი მონაცემები, დღეის მდგომარეობით რა ფასები გვაქვს, როგორი ფასწარმოქმნის სისტემა გვაქვს და ა.შ," - ამის შესახებ შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დირექტორმა, ნუნუ ფორჩხიძემ განაცხადა.

"თქვენი გადმოსახედიდან რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასი იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე ის ფასი, რაც დღეს გვაქვს დახლზე", - მიმართა ბიზნესმენებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კომისიის წევრმა მაია ბითაძემ.

"თითქმის ყველა ერთ მდგომარეობაში ვართ - განსხვავებული პირობა შეიძლება იყოს 1-2%-ის მიმართულებით და დანარჩენი, თითქმის ყველა ერთ მდგომარეობაში ვართ. დისტრიბუცია ჩვენ ჩვენი საკუთარი გვაქვს თბილისის მასშტაბით, სადაც, რა თქმა უნდა, ფასში არ აღირიცხება დისტრიბუციის მარჟა, ხოლო რეგიონებში ვაწვდით დისტრიბუტორის მეშვეობით. შესაბამისად იქ, რა თქმა უნდა, დისტრიბუტორის მარჟა ასახულია," - განაცხადა ნუნუ ფორჩხიძემ.

"გაქვთ თუ არა გავლენა ქსელების გადაწყვეტილებაზე, რომ მაგალითად, 2 დღით ადრე, სანამ პროდუქტს ეწურება ვადა, თქვენი მხრივ, ვთქვათ, გაანახევროთ ფასი, ქსელმა თავის მხრივ, გაანახევროს და ოჯახებს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე იყიდოს განახევრებულ ფასში, თუ სრულად ქსელი აწარმოებს ამ პოლიტიკას?" - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიის წევრმა ნინო წილოსანმა ბიზნესმენებს.

"ეს პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის. ფასებთან მიმართებაში მსგავსი მიმართულება არ გვქონია, რადგან ეს არ არის ქსელი ინტერესი," - განაცხადა ამ კითხვის პასუხად ნუნუ ფორჩხიძემ.

დღის ამბები