06 აგვისტო 2026,   11:03
ვრცლად
დებატები ფასებზე "რუსთავი 2-ის" ეთერში - როგორია მთავრობისა და ბიზნესის ხედვა ფასების კლებასთან დაკავშირებით და როდის დაიწყებს საკითხის შესწავლას საპარლამენტო კომისია

პრემიერ-მინისტრმა დღეს, "რუსთავი 2-ის" ეთერში გამართული დებატები შეაფასა. საუბარია დისკუსიაზე, რომელშიც განსხვავებული მოსაზრების მქონე პოლიტიკოსებმა ფასნამატების რეგულირების პრობლემაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. დებატებში ირაკლი კობახიძე მთავრობის პოზიციას, ეკონომიკის მინისტრთან ერთად წარმოადგენდა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მსგავსი ფორმატები პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებს. რაც შეხება ფასების სტაბილურობას, ხელისუფლება მოქალაქეებისთვის ცხოვრების შემსუბუქებას ბიზნესთან დიალოგისა და მათი მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის აღებით გეგმავს.

სატელევიზიო და სამთავრობო დისკუსიების პარალელურად, ხვალიდან ფასების რეგულირების საკითხს პარლამენტში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისიაც შეისწავლის. კანონმდებლები პირველად ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმენენ. დეპუტატების აზრით, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და თავისუფალი ბიზნესის პრინციპის დაცვა, ფასების შემცირების რეალურ სივრცეს გააჩენს.

ფასნამატების ლოგიკურ ჩარჩოში შემცირების შესაძლებლობა რომ არსებობს, ეს "რუსთავი 2-ზე" გამართულ დებატებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

პროდუქტზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასები ევროპულ ანალოგებთან შედარებით რომ მაღალია, ამას არც ხელისუფლების ოპონენტები უარყოფენ. "გირჩი" პრობლემაზე პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას აკისრებს. გახარიას გუნდში კი, ფასების რეგულირების გასაღებს არა ბიზნესში, არამედ საშუალო ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაში ხედავენ.

ოპონენტების მოსაზრებებს არადამაჯერებლად და სპეკულაციურად მიიჩნევენ სახელისუფლებო პარტიაში. უმრავლესობაში დღეს საზოგადოებას შეახსენეს, რომ საბაჟოდან დახლამდე პროდუქცია საშუალოდ 86 პროცენტით ძვირდება, რაც ადეკვატურ ზომებს საჭიროებს. კანონმდებლების აზრით, პროცესი დაწყებულია და ხელისუფლება ბიზნესთან ერთად ფასების კლების მიზნით ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს.

სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების ფასნამატების რეგულირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საკითხს რამდენიმე კომისია შეისწავლის. მთავრობის გაცხადებული მიზანია, უახლოეს მომავალში, მოქალაქეებისთვის მაღალი ფასებით გამოწვეული ტვირთი, მაქსიმალურად შეამციროს.

დღის ამბები