04 აგვისტო 2026,   21:32
ვრცლად
უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო თაღლითური სქემა - ბათუმის პორტში მებაჟეებმა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელიც უკანონოდ იყო რეგისტრირებული

ბათუმი, პორტის მიმდებარე ტერიტორია, გაფორმების ეკონომიკური ზონა - ეს არის ადგილი, სადაც მებაჟეებმა საერთაშორისო თაღლითების ახალი და მასშტაბური სქემა გაშიფრეს.

მებაჟეები პორტში შემოსული გემებიდან ჩამოტვირთულ ავტომობილებს ამოწმებენ. ირკვევა, რომ საზღვაო გზით ევროპიდან საეჭვო ისტორიის 59 მანქანა შემოიტანეს.

59 ძვირადღირებულ მანქანაზე ყალბი საიდენტიფიკაციო კოდი აღმოჩნდა. ამ ჯიპების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა. ირკვევა, რომ საერთაშორისო დამნაშავეები საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებდნენ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სავარაუდოდ მოპარული ავტომობილები კი, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში უნდა ჩასულიყო, თუმცა დანაშაულის გეგმა ჩაიშალა.

ბოლო 4 წელში გამოშვებული "ლექსუსის," "რენჯროვერის" და "ტოიოტას" მარკის ჯიპები - ზოგიერთი თითქმის ქარხნული მდგომარეობით - სად და ვინ გააყალბა საიდენტიფიკაციო კოდები, ვინ დგას ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან - საბაჟო დეპარტამენტმა საგამოძიებო უწყებებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

შეცვლილი ისტორიით, საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილს მიმღები პირის სტატუსით, უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დახვდა. რომ არა მებაჟეების მიერ გამოვლენილი დანაშაული, ევროპაში სავარაუდოდ ნაქურდალი მანქანები. აზიის ქვეყნებში უკვე სახმელეთო გზით მანქანები უკვე მათ უნდა გადაეყვანათ.

რა პროცედურებს გადის საქართველოში შემოსული ტვირთი - მებაჟეები ავტომობილებთან ერთად, თანმხლებ სატრანსპორტო დოკუმენტაციასაც დეტალურად სწავლობენ.

"კურიერი P.S."-ის ნფორმაციით, ანტვერპენიდან შემოსული ავტომობილების დოკუმენტებში შუამავალი კომპანიებიც ფიგურირებენ. რა კავშირი აქვთ მათ დანაშაულის საქმესთან, ამას გამოძიება დაადგენს.

ვინ დგას ტრანსნაციონალური დანაშაულის სათავეში - საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ქართველი სამართალდამცველები საქართველოში გამოვლენილ დანაშაულზე ინფორმაციას საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებს მიაწვდიან.

ქართველი მებაჟეების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია კი, შესაძლოა საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

ძვირადღირებული ავტომობილები ბათუმის საბაჟოზე რჩება. შესაძლოა მათზე ძებნა ინტერპოლსაც ჰქონდეს დაწყებული. ასეთ შემთხვევაში, ქართული და საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, კანონის შესაბამისად, მესაკუთრეები ქონებას დაიბრუნებენ.

დღის ამბები