განათლების სამინისტროში ამ წუთებში შეხვედრა იწყება. განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე, უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან კომენტარები გაკეთდა.
თსუ-ს ლექტორი, ზაქარია ქიტიაშვილი: "ჩვენ მხარეს არის მეცნიერება, კვლევები, ხოლო მათ მხარეს არის მხოლოდ სურვილები, თუნდაც კარგი. თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ უნდათ ხარისხის გაზრდა, ოღონდ, ჯერჯერობით, სურვილები და არა დოკუმენტები."
ლექტორი ანასტასია ქიტიაშვილი: "ჩვენ დავაფიქსირეთ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზედაც, რომ არ ვუჭერთ მხარს თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, ამ ეტაპზე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით."
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ქეთევან ქუთათელაძე: "მე შემიძლია გითხრათ, რომ ინჟინერია არის რთული დარგი, მისი რეფორმა შესაძლებელია არსებული ინსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ რეფორმას ვემხრობით, განვითარება გვინდა და დახმარებაც გვინდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტიანი არსებული ინსტიტუციის შენარჩუნება იქნება."