02 აგვისტო 2026,   22:29
ვრცლად
"არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი" - მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული წამლების არამართლზომიერად გაცემაზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რიგ შემთხვევებს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.

"მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს რიგი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას გარკვეული პერიოდით, რიგ შემთხვევაში ვფიქრობთ, საერთოდ გაუქმებას ასეთი უფლებამოსილებისა. ამავდროულად ასევე გათვალისწინებული გვაქვს გაფრთხილებაც. არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ ყველაფერს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

დღის ამბები