12 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
"ჰელსინკის კომისიასთან კითხვები არის "ფარას" კანონის არიდებასთან დაკავშირებით... ხომ ხედავთ, თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა გამჭვირვალობა" - ირაკლი ქადაგიშვილი

ფინანსური დარღვევები, კორუფციული გარიგებები და კავშირები საეჭვო პირებთან - ჰელსინკის კომისიის შესახებ სკანდალურ საგამოძიებო მასალას თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

სტატიაში, რომელსაც ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია უცხოური ძალების გავლენის ქვეშაა და აქტიურად მუშაობს დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების წინააღმდეგ.

ბრალდებების ეპიცენტრშია როჯერ ვიკერი - სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოების ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მოიაზრება.

მასალაში ასევე საუბარია კომისიაში გამოვლენილ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ფინანსური მაქინაციების მრავალ ფაქტზე.

"შეუსაბამობაა როდესაც ქვეყანა ყველა საერთაშორისო რეიტინგით წარმატებულია, როდესაც შენი კანონმდებლობა, პრინციპში, არანაირ ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებას არ არღვევს, მაგრამ მეორე მხრივ, უცებ და დაუსაბუთებლად გამოდის ჰელსინკის კომისიის წევრი თუ ევროკავშირიდან ვინმე და აცხადებს, რომ ქვეყანა თითქოს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის კლანჭებშია ჩავარდნილი.

მათ ჰყავთ პროპაგანდისტები და მხარდამჭერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა გაუადვილდებათ. სწორედ აქ არის მანკიერი ინტერესი, რომელიც, მათ შორის, ფინანსურ ინტერესებსაც უკავშირდება.

რაც ითქვა, რომ ჰელსინკის კომისიასთან კითხვები არის "ფარას" კანონის არიდებასთან დაკავშირებით, ხომ ხედავთ, თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა გამჭვირვალობა.

ასეთი განცხადებები, საბოლოო ჯამში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნები დაიკმაყოფილოს და შესაძლოა, ამაში ფულიც კი გააკეთოს," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები