სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს ცოტა ხანში უყრიან. საპარლამენტო კომისია მუშობას 5 თებერვლიდან დაიწყებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს.
პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება. დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას თქმით, როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალ-ყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც წარიმართება საკანონმდებლო ორგანოში.
"ყველას კარგად გვახსოვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და განცხადება ბატონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელიც ძალიან დროული და ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ეხება ფასებს. ამ ინიციატივა ჩვენ, საკანონმდებლო ორგანო მყისიერად გამოვეხმაურეთ და გამოვთქვით მზაობა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით და ამ ყველაფრის გამოსწორების, გადაჭრის გზებზე ვიფიქრებთ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან და ბიზნესის ჩართულობით. ვისმენდით რაღაც კომენტარებს კოლექტიური ნაცმოძრაობისგან და მართლაც ნიშანდობლივია, რომ საგამოძიებო კომისიის შემდეგ, სადაც მოვისმინეთ უამრავი ფაქტი განადგურებული ოჯახებისა და ბიზნესის შესახებ, ამ ყველაფრის ლობისტები ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ სპეკულაციურად უდგებოდნენ ამ ყველაფერს. როგორც ყოველთვის, ეს მათი სპეკულაცია ძალიან მალე აორთქლდა. მოვისმინეთ და კარგად ვხედავთ ბიზნესის განწყობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმ დღეს, როდესაც ეს კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას ექნება საშუალება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალ-ყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც წარიმართება საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.