"რუსთავი 2-ის" ეთერში გამართული დებატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც განიხილეს. თემაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.
დებატებში მონაწილეობაზე ორდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, უარი განაცხადა გახარიას პარტიამ, რომელმაც საკუთარი პირობები წამოაყენა. სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერი კოლეგები სესიაზე მწვავედ გააკრიტიკეს. დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახარიას გუნდს მიმართა, რომლებმაც დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი პოზიციები და არგუმენტები საზოგადოებისთვის დებატებში გაეცნოთ, თუმცა ამაზე უარი თქვეს.
"თქვენ შესაძლებლობა გქონდათ, რომ ეგ თქვენი პოზიციები დებატებში დაგეცვათ და თქვენი არგუმენტები საზოგადოებისთვის გაგეცნოთ. ეს არის დებატების კლასიკური ფორმატი. თუ დააკვირდით გუშინ, იქ თქვენი აზრის გამოხატვას არავინ არ გიშლიდათ. რა ნაწილში არ გაწყობთ? თქვენ არ იყავით ბატონო გიორგი შარაშიძე, რა ფორმატიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ყველაფერი მისაღებიაო, რომ ამბობდით, ვიდეო ჩავრთო ახლა?! ვიდეო რომ ჩავრთო, ბოდიშს მოიხდით?", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.