არხი, რომელიც მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრშია, მოვლენათა ეპიცენტრი თავად ხდება. ზუსტად 25 საათში კარი პოლიტიკური დებატებისთვის და საზოგადოებრივი დიალოგისთვის გაიხსნება. ერთი სივრცე და ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები - საჯარო დებატებს, რომელმაც პოლარიზაციას წერტილი უნდა დაუსვას, ამიერიდან "რუსთავი 2" უმასპინძლებს.
სამზადისი დასასრულს უახლოვდება, ტექნიკური დეტალები ზუსტდება, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ხვალ, ამ სივრცემ, პირველი სტუმრების არგუმენტები მოისმინოს. აქტუალურ თემებზე აქტუალურ კითხვებს, ჟურნალისტი რეზი ჭიჭინაძე დასვამს.
არხი, საიდანაც განსხვავებული აზრი ყოველთვის ისმის, საეთერო დროს ახლა ახალ ფორმატსაც უთმობს. ეს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა და პოლიტიკურ ოპონენტებს საჯარო დებატები შესთავაზა, იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. მთავრობის მეთაური "კურიერი P.S."-სთან" აცხადებს, რომ საქართველოში ჯანსაღი დებატების კულტურა უნდა დამკვიდრდეს, დისკუსია კი საგნობრივი იყოს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას საერთო ეროვნული მიზნების გარშემო.
ვინ როგორ ხედავს პოლარიზაციის დასრულების გზას და ვინ არის მზად კონსტრუქციული პოლემიკისთვის? - მმართველი გუნდი საზოგადოების ინტერესებზე საუბრობს და პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
ოპოზიცია ერთ პოზიციაზე ვერც ამჯერად შეჯერდა. ნაწილი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და საჯარო დებატებში ჩართვის მზაობას გამოთქვამს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდება დათქმებით სცადეს.
სანამ "ტოპ ტვინების" პარტიაში ბეჭებზე დაცემის ტექნიკაზე მუშაობენ, არგუმენტირებული დებატებისთვის ემზადებიან "გირჩში." პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტია, "რუსთავი 2-ის" პლატფორმითაც შეეცდება საკუთარი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანოს.
ვინ გადადგამს ნაბიჯს მონოლოგიდან დიალოგისკენ? - ამას დრო და ჩვენი სატელევიზიო ეთერი აჩვენებს, ოპოზიციის ნაწილის სტრატეგია კი, მორიგ ლაკმუსის ქაღალდად იქცა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ის, ვინც საჯარო დისკუსიას გაურბის, საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვს.
ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე მოისმენთ და ნახავთ, როგორ ყალიბდება პოლიტიკური პოზიცია.