09 აგვისტო 2026,   18:31
ვრცლად
"გოდერძიზე" ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია - ზამთრის კურორტზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

"გოდერძიზე" ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. ზამთრის კურორტზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც. კურორტი თოვლის მოყვარულებს, სათხილამურო ტრასებითა და გამორჩეული პეიზაჟებით იზიდავს.

მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე, "გოდერძიზე" რამდენიმე ახალი სასტუმრო გაიხსნა. ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, კურორტმა 2025 წელს 25 ათას ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 2024 წლის მონაცემებს დაახლოებით 19%-ით აღემატება.

კურორტსა და მის მიმდებარედ არსებულ სასტუმროებში, კოტეჯებში და ჰოსტელებში ერთდროულად ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ვიზიტორის განთავსებაა შესაძლებელი. მოყვარულებთან ერთად, "გოდერძი" პროფესიონალ და გაუკვალავ თოვლში, თავისუფალი სტილით მოთხილამურეებსაც იზიდავს.

კურორტზე არსებულ 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს, ორი საბაგირო ემსახურება. მუშაობს რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, თოვლმავალი ტექნიკის და თხილამურების გაქირავების სერვისი. მოწყობილია პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი. კურორტზე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. ტურისტული სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სულხან თამაზაშვილს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა და ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიაწოდეს.

"გოდერძი", რომელიც საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან თოვლის სიუხვით გამოირჩევა, 2015 წელს გაიხსნა. პირველი თოვლი იქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან-აპრილამდე გრძელდება.

დღის ამბები