07 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
NGO დაფინანსების სქემა და გრანტების კანონი - რას ემსახურება საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსება

ესტონეთში გადარეგისტრირებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ორი დღეა დუმს და არაფერს ამბობს ტალინში მდებარე ამ დანგრეულ შენობაზე, რომელიც მათი ფიქტიური ოფისი აღმოჩნდა. ეკა გიგაურის ენჯეოს ამ საკითხზე განცხადებაც კი არ გაუვრცელებია, თუმცა გაავრცელა ე.წ. ქარდები - გრანტების შესახებ კანონზე. ორგანიზაცია ამტკიცებს, თითქოს საკანონმდებლო ცვლილებები უკრძალავს ემიგრანტებს თანხების გადმორიცხვას, მეწარმეებს უცხოური შემოსავლის მიღებას, უცხოელ ექიმებს ქართველი პაციენტების მკურნალობას, მომღერლებსა და მსახიობებს კი უცხოური ჰონორარის აღებას.

მორიგი დეზინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობისგან, რომელიც გამჭვირვალობას გაურბის - ასე ეხმაურებიან ორგანიზაციის ქარდებს მმართველ პარტიაში. ამბობენ, რომ გიგაური და მისი პარტნიორები ახლაც ზუსტად იგივე მეთოდებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როგორც ეს თავის დროზე, გამჭვირვალობის კანონის მიღების დროიდან დაიწყეს. უმრავლესობის თქმით, ენჯეოების მიზანი ისევ უცვლელია - დამალონ, ვისგან და რისთვის იღებენ თანხებს.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას. განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია იმეორებს იმას, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ხელისუფლების ოპონენტები ესტონეთში გადარეგისტრირებული ენჯეოების პოზიციებს დღესაც იცავდნენ.

ესტონეთში ფიქტიურად რეგისტრირებულ ქართულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიურო მონიტორინგს განაგრძობს. ირკვევა, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ფიქსირდება გიგაურის საერთაშორისო გამჭვირვალობა, ლომჯარიას ევროპული ორბიტა, ასევე რამდენიმე ონლაინ- გამოცემა. ორგანიზაციის ზოგიერთი ხელმძღვანელი ტალინში ესტონური პირადი ნომრითაა დარეგისტრირებული. მმართველი გუნდი კანონის გვერდის ავლის იმ სქემაზე მიუთითებს, რომელიც ევროკომისარმა კოსმა დააანონსა და რომელიც კანონის გამკაცრების მიზეზიც გახდა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა პარლამენტი მომდევნო კვირიდან, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყება. პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსი დაარეგულირებს გარე ლობიზმსაც.

დღის ამბები