09 აგვისტო 2026,   10:01
ვრცლად
ოპოზიციის აქტივისტები და სტუდენტები განათლების რეფორმის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ - მიმდინარე პროცესს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ

სტუდენტების გარკვეული ნაწილი თსუ-ს პირველი კორპუსიდან ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მსვლელობით დაიძრა. მათ წინ ნაცნობი სახეები - ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები მიუძღოდნენ. მთავარი ლოზუნგი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესს ეხებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერები განათლების რეფორმის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ, თუმცა, კითხვების საპასუხოდ კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებენ.

ის რაზეც, დემონსტრანტებს პასუხი არ აქვთ, უკვე გაანალიზებული და სტრატეგიაში
გაწერილია. განათლების მინისტრის მოადგილემ "კურიერთან" აღნიშნა, რომ ყველა სახის მანიპულაცია ახლა უადგილოა. უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ზვიად გაბისონიას განმარტებით, რეფორმის შემდეგ საფრთხე არ ემუქრება იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც უკვე წლებია თბილისის ტექნიკურ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მუშაობენ.

ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა, განათლების რეფორმა სხვა ასპექტებსაც ითვალისწინებს. მათ შორისაა სასკოლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია და მის განხილვას კანონმდებლები მომდევნო კვირას დაიწყებენ. საკითხმა ბიუროს სხდომა და კომიტეტი უნდა გაიაროს, რის შემდეგაც დეპუტატები ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

აქტივისტების მსგავსად, დაგეგმილი რეფორმა, არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ მოსწონთ. პარლამენტში მყოფი გახარიას პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩატარებული კვლევებისა და დასაბუთებული არგუმენტაციის მიუხედავად, განათლების სექტორის განვითარების წარმოდგენილი ხედვა არასწორია. ამავე აზრს იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც", თუმცა, აქვთ თუ არა რეფორმის ალტერნატიული ხედვა, ამაზე აქცენტს არავინ აკეთებს.

მიმდინარე პროცესს გამოხმაურება უკვე მოჰყვა მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რეფორმაზე საუბრის დროს ყურადღებას ისტორიულ წარსულზე ამახვილებს. მათ შორის, შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის მისწრაფებასაც
იხსენებს, როდესაც ქართველი პროფესორი ქვეყანაში უნივერსიტეტს აარსებდა, მისი მიზანი, ერთი, დიდი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ განმარტავენ იმასაც, რომ განათლების დაგეგმილი რეფორმა ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად აუცილებელია.

განათლების რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი კი საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრია. დოკუმენტში სრულად არის ასახული უმაღლეს და ზოგადი განათლების სისტემაში არსებული ის კონკრეტული პრობლემები, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

დღის ამბები